„ჯეიმს ბონდმა“ აუქციონზე 2,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოაგროვა

Aston Martin DB10 ავტომობილი, რომელიც სპეციალურად „ჯეიმს ბონდის“ ბოლო ფილმისთვის შეიქმნა, აუქციონზე გაიყიდა. Spectre-ში გადაღებული ავტომობილი 3,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომპანია Aston Martin-მა, რომელიც მრავალი წელია ასოცირებულია აგენტ 007-თან, ბონდიანას ბოლო ფილმისთვის, რომელშიც დენიელ ქრეიგი მეოთხედ გადაიღეს, ამ მოდელის 10 ეგზემპლარი შექმნა. 2 ავტომობილი ფილმში გადაიღეს. მათგან ერთი გაიყიდა, მეორე კი სამუზეუმო ექსპონატად დარჩა. ეგზემპლარის საწყისი ფასი აუქციონზე მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო და საბოლოოდ, ის 2,434,500 გირვანქად გაიყიდა. მყიდევლი ტრადიციულად უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ფილმიდან წარმოდგენილ სხვა ლოტებს შორის იყო კოსტიუმი, რომელიც დენიელ ქრეიგს ფილმის გახნის ეპიზოდში ეცვა. ის 98,500 გირვანქად გაიყიდა. მომღერალ სემ სმიტის ხელმოწერილი ვინილის დისკი Writing's On the Wall, რომელიც ფილმის ოფიციალური საუნდტრეკია, 9,375 გირვანქად გაიყიდა. საერთო ჯამში, „სპექტრის“ აუქციონზე სულ 10 ლოტი იყო წარმოდგენილი, რომელთა საერთო შემოსავალმა 2,8 მილიონი გირვანქა შეადგინა, კიდევ 14 ლოტის გაყიდვა კი 23 თებევალს იგეგმება.

შეგახსენებთ Spectre იყო „ჯეიმს ბონდზე“ შექმნილი 24-ე ფილმი 53-წლიან ისტორიაში. ის გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა და მისმა საერთო შემოსავალმა კინოგაქირავებაში 879 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო დენიელ ქრეიგის „ბონდის“ ბოლო როლი, ვინ იქნება ახალი აგენტი ეს ჯერ ცნობილი არაა.

კოკა კვირკველია