საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქვეყნებს შორის მოხვდა

საერთაშორისო სააგენტო GoBankingRates-მა საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 29-ე პოზიციაზე აღმოჩნდა მსოფლიოს 112 ქვეყანას შორის.

რეიტინგის შედგენისას ავტორები ოთხ კომპონენტს დაეყრდნენ: ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას, იჯარის ფასს, სასურსათო ინდექსსა და სამომხმარებლო ფასების ინდექსს. ოთხივე კომპონენტი ნიუ იორკში არსებულ ცხოვრების დონესთან არის შედარებული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნიუ იორკთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა 69,3%-ით იაფია, იჯარის ფასი - 88,6%-ით, საკვები - 74,4%-ით, ადგილობრივი პროდუქტი და მომსახურება კი 70,4%-ით იაფი ღირს.

„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამომხმარებლო და სასურსათო ფასებია. თბილისში ერთი ადამიანის ყოველთვიური დანახარჯი დაახლოებით 360 დოლარია. თუმცა ასეთი დაბალი ფასი დაბალი შემოსავლით არის განპირობებული. ფოლადისა და ელექტრო მოწყობილობების წარმოების მიუხედავად, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაბალია და 3,670 დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია სააგენტოს აგარიშში.

რეიტინგის თანახმად, ყველაზე იაფი ქვეყანა საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკაა. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ინდოეთი, კოსოვო, საუდის არაბეთი, ყაზახეთი. ბოლო პოზიციებს კი განა, შვეიცარია, ჰონგ კონგი, ბაჰამები და ბერმუდა იკავებს.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი რეიტინგში 23-ე პოზიციაზე, სომხეთი, - 42-ე, რუსეთი - 39-ე, თურქეთი - 31-ზე, უკრაინა - 24-ზე.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე