თბილისის მიკროავტობუსებში Wi-Fi-ით სარგებლობა იქნება შესაძლებელი

თბილისის მიკროავტობუსებში მარტიდან Wi-Fi-ით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანია Wifisher - ის დამფუძნებელმა, ნოდარ ივანიძემ Allnews-თან საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსებში Wi-Fi-ის დაყენების იდეა ერთი თვის წინ გაჩნდა:

"ერთი თვის წინ გაჩნდა იდეა: კარგი იქნებოდა თუ ინტერნეტს დავაყენებდით სამარშრუტო ტაქსებში და მომხმარებელს შევთავაზებდით უფასო ინტერნეტს. ამავდროულად, დამკვეთისთვის იქნებოდა ახალი სარეკლამო ადგილი, რადგან ამ სამარშრუტო ტაქსებით ბევრი ადამიანი გადაადგილდება", - აღნიშნავს ნოდარ ივანიძე და განმარტავს, რომ ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ ნახავს რომელიმე კომპანიის 5 წამიან რეკლამას. უფასო ინტერნეტით სარგებლობა კი მთელი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

მისივე ინფორმაციით, სატესტო რეჟიმი უკვე დაწყებულია. მარტის შუა რიცხვებიდან, Wi-Fi-ით ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მომუშავე, 14-მდე N2 მიკროავტობუსი აღიჭურვება. სამომავლოდ კომპანია Wifisher-ი მიკროავტობუსების მთლიანი რაოდენობის ათვისებას გეგმავს:

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტგან დავაყენოთ ინტერნეტი. სულ არის 1750 სამარშრუტო ტაქსი და ეს რაოდენობა გვინდა მაქსიმალურად მოვიცვათ", - აცხადებს ნოდარ ივანიძე.

წყარო: Allnews.ge