Johnson&Johnson-ს სიმსივნით გარდაცვლილი მომხმარებლის ოჯახისთვის 72 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს

კომპანია Johnson&Johnson კომპენსაციის სახით 72 მილიონ დოლარს გადაუხდის გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს, რომელიც სიმსივნით დაიღუპა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ მისურის შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამოიტანა.

სიკვდილამდე ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ სიმსივნე კომპანიის მიერ წარმოებულმა ბავშვთა ტალკის Baby Powder-ის გამოყენებამ გამოიწვია.

62 წლის ჯეკი ფოქსი სიმსივნით რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრთა განცხადებით, ქალბატონი რამდენიმე წლის განმავლობაში ხმარობდა Johnson-ის ფირმის Baby Powder-ს.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, კომპანიამ იცოდა პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში სიმსივნის წარმოქმნის საფრთხეზე, თუმცა მომხმარებელი არ გააფრთხილა.

Johnson&Johnson არ აღიარებს დანაშაულს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.