საკრედიტო "მონობა" - 35 ათასი ოჯახი ბინის დაკარგვის საფრთხის წინ
საკრედიტო "მონობა" - 35 ათასი ოჯახი ბინის დაკარგვის საფრთხის წინ
27 თებერვალი / 2016
უკიდურესად მძიმეა 35 ათასი ოჯახის ბედი, რომელთაც იპოთეკური სესხების უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკებს უძრავი ქონება მისცეს. 35 ათასი ოჯახი დაახლოებით 120 000 ადამიანია, ანუ ჩვენი მოსახლეობის 3% და მათგან ბევრს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება

ლარის მკვეთრი დევალვაციის გამო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. თუ ერთი წლის წინ 100 დოლარის შესაძენად 170 ლარი კმაროდა, იანვრის ბოლო დღეებში 250 ლარიც არ ეყოფოდა. ბანკის მოვალეების მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რადგან უცვლელად დარჩენილი სახელფასო ანაზღაურების პირობებში დიდ ნაწილს ლამის მთელი გასამრჯელოს ბანკში დატოვება უწევს. ამიტომაც ვალს ვალი ედება, ხშირად - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რომელთაც უკიდურესად კაბალური პირობები აქვთ და მათ მარწუხებში მოხვედრილ ადამიანს საკრედიტო "მონობიდან" თავის დაღწევის მხოლოდ ერთი შანსი რჩება - თუ სიღატაკეს ამჯობინებს, ყველაფერს დაკარგავს და ღია ცის ქვეშ დარჩება.

"ლარის ვარდნა მიგრაციის ახალ ტალღას ააგორებს"
ჩემი კოლეგა და მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ გამომცემლობაში მუშაობს და ერთი შეხედვით, სოლიდური ხელფასიც აქვს, ვალების დასაფარად სამსახურის მიტოვებას და რაღაც ხნით უცხოეთში მოსამსახურედ წასვლას აპირებს. მისი ხელფასი - 2.000 ლარი - კარგა ხანია, 1.000 დოლარიც აღარ არის, არადა, ბანკში ყოველთვიურად 800 დოლარს იხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოთეკური კრედიტის გამო დაგირავებულ ბინას დაკარგავს. იმედი აქვს, რომ უცხოეთში ერთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი მუშაობით პრობლემას მოაგვარებს, თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმისაც ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ სამშობლოში დაბრუნებულს სამსახურის შოვნა გაუჭირდება...

გიორგი პატარიძე, ანალიტიკოსი: - საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ, რა შიდა ან გარე ფაქტორებმა გამოიწვია ლარის და შესაბამისად, მათი ცხოვრების გაუკუღმართება. ეს ლოგიკურია, მით უფრო მაშინ, როცა კრიზისში მყოფი ქვეყნები ახერხებენ გამოსავლის მოძებნასა და საკუთარი მოქალაქეების დაცვას. ყაზახეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბანკებში მოსახლეობის ანაბრებს დააზღვევს. საქართველოში კი, ვისაც ლარში ჰქონდა დანაზოგი, დაუცველი აღმოჩნდა. ფულადი ქონება განახევრდა და დღითი დღე კარგავს დაგროვების ფუნქციას. უკიდურესად მძიმეა 35 ათასი ოჯახის ბედი, რომელთაც იპოთეკური სესხების უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკებს უძრავი ქონება მისცეს. 35 ათასი ოჯახი დაახლოებით 120 000 ადამიანია, ანუ ჩვენი მოსახლეობის 3% და მათგან ბევრს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. აღარაფერს ვამბობ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ტყვეობაში მყოფთა შესახებ. ზოგიერთი ასეთი ორგანიზაცია არც მალავს, რომ ყოველთვიურად მევალეების ასობით ბინის გაყიდვა უწევთ. არავინ დაობს, რომ ვალი უნდა დაიფაროს, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია, მოსახლეობას თუნდაც იმით დაეხმაროს, რომ დოლარით აღებული სესხი ლარში გადაიტანონ. შეიძლება სტრუქტურის შექმნა, რომელიც კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოვალეებს მისცემდა 20-30-წლიან კრედიტს ლარში, შედარებით დაბალი პროცენტით, ისე, რომ სესხი ინფლაციასაც დასწეოდა. ეს გახდებოდა ხალხისთვის სოციალური დაცვის გარანტი, რომ მათ ხვალ-ზეგ სააღმსრულებლო ბიურო ბინიდან გამოსაყრელად არ მიაკითხავდა.
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ 2016-2017 წლებში საქართველოდან მიგრაციის ახალი ტალღა აგორდება, ხალხი იძულებული გახდება უცხოეთში წავიდეს, რათა იქიდან გამოგზავნოს უცხოური ვალუტა ოჯახების
გადასარჩენად. მათ ჰგონიათ, რომ 6 თვე ან 1 წელიწადი ეყოფათ პრობლემის მოსაგვარებლად, ბოლოს კი აღმოაჩენენ, რომ 20 წლით უწევთ იძულებით ემიგრაციაში ყოფნა.

"მთავრობამ ბანკებს უნდა მიმართოს..."

მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილია აცხადებს, რომ პრობლემა, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, მოულოდნელად არ გაჩენილა. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოსალოდნელი პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2015 წლის იანვარში, აფრთხილებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

თემურ ბასილია: - ფონდი დოლარიზაციას უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევდა საბანკო რისკებს შორის და ამასთან, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები. სამწუხაროდ, მათ არაფერი გაუკეთებიათ პრობლემების მოსაგვარებლად. მეტიც, უმაღლესი თანამდებობის პირების ბოლოდროინდელი განცხადებებით ჩანს, რომ ისინი ამჯერადაც არ აპირებენ რამის გაკეთებას და ცდილობენ, პრობლემები საგარეო ფაქტორებს დააბრალონ. არადა, პრობლემები ექმნებათ ნავთობის მომპოვებელ და არა ნავთობიმპორტიორ ქვეყნებს. თუ ობიექტურად შევხედავთ ვითარებას ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ის საქართველოსთვის მომგებიანია. 1 წლის წინ 1 ტონა ნავთობის ფასი 100 დოლარზე მეტი იყო, ახლა იგი დაახლოებით 30 დოლარია; ანუ წლეულს ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის საქართველოს დაახლოებით სამჯერ ნაკლები უცხოური ვალუტა დასჭირდება. ეს კი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ეკონომიაა ქვეყნისთვის. ამან მხოლოდ დადებითად შეიძლება იმოქმედოს როგორც ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე, ისე - ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. ლარის დევალვაცია, ძირითადად, გამოწვეულია ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკითა და მთავრობის უმოქმედობით, ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობაც მათ უნდა აიღონ. პრობლემის მოგვარების წყარო კი შეიძლება იყოს 2015 წელს კომერციული ბანკების მიერ მიღებული წმინდა მოგება, რომელიც 84 მილიონი ლარით გაიზარდა და ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა.
გასულ წელს ხელისუფლებამ საბანკო სექტორს სთხოვა, შეღავათი გაეწიათ ლარის დევალვაციით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის. ბანკებმაც გამოაცხადეს, რომ მოახდენდნენ ასეთი სესხების რესტრუქტურიზაციას, რეალურად კი სესხები ისე გადაავადეს, რომ ბანკებს არაფერი წაუგიათ, ხოლო მოქალაქეებს საპროცენტო განაკვეთის სახით უფრო მეტი თანხა აქვთ გადასახდელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს ისე აქვთ აწყობილი სესხების დაბრუნების სისტემა, რომ მოგებას თავიდანვე იღებენ. ამიტომაც, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შეუძლიათ მიმართონ ბანკებს, რომ სესხების გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შეუმცირონ საპროცენტო განაკვეთი, ან მხოლოდ ძირითადი თანხა დააფარვინონ.

"ტოქსიკური აქტივები"

პროფესორი დავით ასლანიშვილი აცხადებს, რომ კანონი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, კომერციული ბანკების მოვალე მოქალაქეების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. თუმცა, მისი აზრით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ თუ ლარის ვარდნა ასეთი ტემპით გაგრძელდა, სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება დაუშვებელია.

დავით ასლანიშვილი: - აშშ-ში ბანკების მევალე მოქალაქეებმა ფულის გადახდა რომ ვეღარ შეძლეს, ხელისუფლებამ დაბეჭდა ფასიანი ქაღალდები, ეკონომიკაშიც გაუშვა დოლარის ემისია და თავის თავზე აიღო მოქალაქეების საბანკო პრობლემები, რომელთაც "ტოქსიკური აქტივები" დაარქვა. მსგავსი რამ გააკეთა ევროკავშირმაც. სამწუხაროდ, საქართველო არც ამერიკაა და ევროპაც ვერ გახდა ჯერჯერობით.

ჩვენ ისიც ვერ შევძელით, ლარს ჰქონოდა ფულის სამივე სრულფასოვანი ფუნქცია: გაცვლის, დაგროვებისა და ღირებულების საზომის. გაცვლის ფუნქცია მეტ-ნაკლებად აქვს, ღირებულების საზომიც არის, მაგრამ ბოლო მოვლენებმაც ცხადყო, რომ ლარმა დაკარგა დაგროვების ფუნქცია. არ ვიცი, რას მოიფიქრებს მთავრობა - მსხვილ საერთაშორისო პროექტებს დაიხმარს თუ სხვა სწრაფ ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ აშკარაა, რომ დრო არ იცდის და ლარის სანდოობის აღდგენაზე სასწრაფოდ უნდა იზრუნოს. ფასიანი ქაღალდების ბაზარი მაინც უნდა შექმნას, ინფლაციაზე მოდიფიცირებული ინსტრუმენტი უნდა შემოიღოს, ადმინისტრირება გაამკაცროს, კოეფიციენტები გაზარდოს და კიდევ მრავალი სხვა ღონისძიება გაატაროს. არ შეიძლება საბანკო სესხებით წელში გაწყვეტილი მოქალაქეების პრობლემის ცალკე განხილვა ან მის მოსაგვარებლად ცალკე მეთოდებით ბრძოლა. პრობლემა კომპლექსურია და ჯაჭვურად ასხმული.

ეკა ლომიძე
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (1)
28.02.2016
simon
სად იყავით სიმონ აქომდეე? ქადაგიძის წასვლას ელოდებოდით?
მსგავსი სიახლეები
გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, ხვალ გახდება ცნობილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი სასამართლოს წინაშე წარდგება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ოლიმპიკს” ქალაქ თბილისში
ბაზისბანკმა 2016 წლის II კვარტალი წარმატებით დაასრულა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებებს ეხმაურება.
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ მთავრობა ცდებოდა, როცა ლარის კურსის გაუფასურებას გიორგი ქადაგიძეს აბრალებდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენთვის ლარი უნდა იყოს პრიორიტეტული ვალუტა
ლარის კურსი დოლარის მიმართ - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც მოსახლეობა მწვავედ განიცდის.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.07.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3450 ლარი გახდა.
სრულად
26.07.2016
გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, ხვალ გახდება ცნობილი.
სრულად
26.07.2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირებისთვის იმ წესებს განმარტავს, რომელიც მათ ბინების გაქირავებისას უნდა გაითვალისწინონ.
სრულად
26.07.2016
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
სრულად
26.07.2016
ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის ხშირად ფინანსების არქონა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.07.2016
27.07.2016
USD
1
USD
2.3473
2.3450
EUR
1
EUR
2.5792
2.5816
GBP
1
GBP
3.0848
3.0788
RUB
100
RUB
3.6180
3.5517