„ოსკარი 2016“ - წლის ყველაზე ძვირად ღირებული კინოპრემიის მოლოდინში

კინომოყვარულები დღეს წლის მთავარი კინოპრემიის ”ოსკარის” მოლოდინში არიან. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს რამდენიმე საათში გამოავლენს.

დაჯილდოების 88-ე ცერემონია ტრადიციულად, ლოს ანჯელესში, ”დოლბის” თეატრში გაიმართება, რომელიც 3 400 ადამიანს იტევს. ცერემონიას ამერიკელი მსახიობი კრის როკი გაუძღვება.

1929 წლიდან მოყოლებული დღემდე, ლოს ანჯელესისთვის ეს წლის ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. ქალაქის ეკონომიკური განვითარების საბჭოს ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოს მთავარ კინოპრემიას ლოს ანჯელესის ბიუჯეტში 130 მილიონი დოლარი შეაქვს.

კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მონაცემებით, 2015 წლის „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის საბიუჯეტო გადასახადები და ნომინანტთა საუზმეები 42,7 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც მცირედით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე - 41,9 მილიონი დოლარი.

გასული წლის შემოსავალმა კი 109 მილიონი შეადგინა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 97 მილიონი დოლარი იყო.

აკადემიისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ცერემონიაზე დასასწრები ბილეთებია. თუმცა ბილეთების შეძენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც სპეციალური მოსაწვევი ბილეთი აქვს. „ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, გასულ წელს პარტერის ბილეთი 750 დოლარი ღირდა, აივანზე კი 375 დოლარი.

გარდა ამისა, აკადემიას შემოსავალი აქვს სტუდია „დისნეისგანაც“. 2020 წლამდე ”დისნეი” ყოველწლიურად 75 მილიონ დოლარს იხდის ”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიის ტელეკომპანია ABC-ის პირდაპირი ტრანსლირების უფლებისთვის.

„ოსკარზე“ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის წარდგენილი 25 წლის ჯენიფერ ლოურენსი 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა. „ფორბსის“ მონაცემებით, ლოურენსმა 52 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, ჯენიფერ ლოურენსი ერთადერთი მსახიობი იყო, რომელმაც გასულ წელს აღნიშნა, რომ „ოსკარის“ ნომინანტ მსახიობ ქალებსა და მამაკაცებს შორის ანაზღაურების მხრივ დიდი უთანასწორობაა.

ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, „ოსკარზე“ გამარჯვების შემდეგ მსახიობი მამაკაცის ანაზღაურება 3,9 მილიონი დოლარით იზრდება მაშინ, როცა „ოსკარის“ მფლობელი მსახობი ქალის ანაზღაურება მხოლოდ 500 000 დოლარით იზრდება.

IBISWorld-ის მონაცემებით, „ოსკარზე“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმი 13,8 მილიონი დოლარით უფრო მეტ შემოსავალს იღებს ცერემონიის შემდეგ, ვიდრე ნომინაციაზე წარდგენილი მათი კონკურენტი ფილმები.

200 ათასი დოლარი ეღირება ე.წ. სასაჩუქრე ჩანთა, რომელსაც წლევანდელ ცერემონიაზე მთავარ კატეგორიებში წარდგენილი მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ.

„გარდიანის“ ინფორმაციით, წელს ჩანთაში 900 დოლარად ღირებული ტუალეტის ქაღალდი იდება. ასევე პირსახოცი და კანის დამარბილებელი საშუალება. კოსმეტიკური საშუალებების გარდა, ჩანთაში სექს-სათამაშოები, მკერდის გაზრდის ოპერაციის სერტიფიკატი და 54 ათას დოლარად ღირებული კერძო ტური იაპონიაში.

დაახლოებით 25 ათასი დოლარი უჯდებათ ღონისძიების ორგანიზატორებს წითელი ხალიჩა, რომელზე გავლასაც უამრავი მსახიობი ოცნებობს.

1992 წლიდან მოყოლებული ”ოსკარის” ცერემონიისთვის წითელ ხალიჩას კომპანია The American Turf & Carpet ამზადებს. ცნობილი ხალიჩა ნეილონის ძაფისგან ჯორჯიის შტატის ქალაქ დოლტონში მზადდება და ორგანიზატორები მას ორ წელიწადში ერთხელ ცვლიან. 500 მეტრი სიგრძისა და 33 მეტრი სიგანის ხალიჩის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1,5 დოლარია. შესაბამისად, ცერემონიის ორგანიზატორებს ორ წელიწადში ერთხელ ხალიჩის სანაცვლოდ 25 ათასი დოლარის გაღება უწევთ.

”ოსკარის” ცერემონიის ერთ-ერთი ძვირად ღირებული ნაწილია გამარჯვებულთათვის გადასაცემი კონვერტები, რომელშიც გამარჯვებლთა სახელებამოტვიფრული ბარათები დევს. ორგანიზატორებს ერთი ასეთი კონვერტი 200 დოლარი უჯდებათ, საერთო ჯამში კი მათი ღირებულება 19 200 დოლარს აღწევს.

ხელნაკეთი კონვერტები სპეციალურად ჩამოაქვთ გერმანიიდან. ერთი კონვერტის დასამზადებლად კომპანია Gmund Treasury-ის ხელოსნებს 110 საათი სჭირდებათ. ყოველწლიურად ”ოსკარის” ცერემონიისთვის სპეციალურად მზადდება 96 კონვერტი და 488 ბარათი, რომელზეც პოტენციური გამარჯვებულების სახელებია ამოტვიფრული.

”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიის

წინა ღამით აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers-ის სპეციალისტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ხმების დათვლაზე, ზედმეტ ეგზემპლარებს ანადგურებენ, 24 საბოლოო კონვერტი კი ცერემონიის დაწყებამდე ”დოლბი თეატრში” მიაქვთ.

USA Today-ის ცნობით, თითოეული კონვერტი iPhone 5-ზე მეტს - 115 გრამს იწონის.

რაც შეეხება ცერემონიის მთავარ დეტალს - ”ოსკარის” ქანდაკებებს, მათი ფასი პირდაპირ არის დამოკიდებული ოქროს მიმდინარე ფასზე. ასე მაგალითად, 2013 წელს ოქროს ფასიდან გამომდინარე, ”ოსკარის” ქანდაკება აკადემიას 900 დოლარი დაუჯდა.

1983 წლიდან მოყოლებული ”ოსკარის” ქანადაკებებს, რომლის წონაც წელს 3,5 კგ იქნება, ჩიკაგოში კომპანია R.S. Owens and Company-ის ქარხანაში ასხამდნენ. თუმცა, წელს ტრადიცია შეიცვალა და აკადემიის გადაწყვეტილებით, ქანდაკებას ნიუ იორკში მდებარე კომპანია Polich Tallix Fine Art Foundry დაამზადებს. აკდემიის განცხადებით, ახალი ქანდაკება არ იქნება მკვეთრად ოქროსფერი და ის 1929 წლის ქანდაკებას დაემსგავსება. აკადემიაში ასეთი გადაწყვეტილება ჰოლივუდის ოქროს ხანასთან დაბრუნების სურვილით ახსნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ”ოსკარზე” სულ 24 ნომინაციაა, ყოველწლიურად ქარხანაში ”ოსკარის” 50 ქანდაკებას ასხამენ, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ხმის მიცემის შედეგად პრემია ორ გამარჯვებულს შორის ნაწილდება.

”ოსკარის” ქანდაკების დიზაინი კომპანია ”მეტრო გოლდუინ მაიერის” მხატვარს სედრიკ გიბონსონს ეკუთვნის, რომელსაც მოდელობას მსახიობი და რეჟისორი ემილიო ფერნანდესი უწევდა. თავად სახელწოდება ”ოსკარი” ქანდაკებამ 1939 წელს მიიღო, როდესაც აკადემიის ბიბლიოთეკარმა მარგარეტ ჰერიკმა ქანდაკების დანახვისასა წამოიძახა, რომ ფიგურა დეიდის ქმარს, ბიძია ოსკარს ახსენებდა.

”ოსკარის” მფლობელებს ქანდაკების გაყიდვის უფლება არ აქვთ. 1950 წელს აკადემიამ შემოიღო წესი, რომელიც მფლობელებს ავალდებულებს ქანდაკების გაყიდვის სურვილის შემთხვევაში ”ოსკარი” ცერემონიის ორგანიზატორებს სიმბოლურ თანხად - 1 დოლარად მიჰყიდონ. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ”ოსკარის” ქანდაკება აუქციონზე გაიყიდა. გასული წლის მაისში 150 ათას დოლარად გაიყიდა ამერიკელი კინოოპერატორის გრეგ ტოლანდის ”ოსკარი”, რომელიც მას 1939 წელს ფილმისთვის ”ქარიშხლიანი უღელტეხილი” გადაეცა.