საქსტატი - წინასწარი შეფასებით, 2015 წლის მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა - 0,8 პროცენტი, ხოლო 2015 წლის რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, 2012 წლის იანვრიდან "საქსტატი" ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე