ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა

„ფორბსის“ 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა და წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი შვიდი პოზიციით დაქვეითდა.

2016 წლის რეიტინგის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდერებს შორის 298-ე პოზიციაზეა 4,8 მილიარდი დოლარის ქონებით. გასული წლის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 291-ე ადგილს იკავებდა 5,2 მილიარდი დოლარით.

„ფორბსის“ თანახმად, ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება საქართველოს ნომერ პირველ მილიარდერად.

„2015 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილმა რეკორდულ თანხად - 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“, მოგვიანებით კი ნახატი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. მისი შვილის, ბერას თანადგომით საქართველოში ახალი სატელევიზიო შოუ „2030“ დაიწყო, რომელშიც თავად ივანიშვილი ხშირად ჩნდება“, - აღნიშნავს „ფორბსი“.

საერთო ჯამში, „ფორბსის“ მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 1 826-დან 1810-მდე შემცირდა და მათი ქონება მთლიანობაში 6,48 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 570 მილიონი დოლარით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი კვლავ ბილ გეიტსია, რომლის ქონებაც 75 მილიარდი დოლარია. პირველ ხუთეულში ასევე არიან ამანსიო ორტეგა - 67 მილიარდი დოლარი, უორენ ბაფეტი - 60,8 მილიარდი დოლარი, კარლოს სლიმი - 50 მილიარდი დოლარი და ჯეფ ბეზოსი - 45,2 მილიარდი დოლარი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე