მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეები ქირის საფასურის დაწევას ითხოვენ

ისნის დასახლებაში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეები ჯიხურების ქირის საფასურის დაწევას ითხოვენ. მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეებს დღეს ობიექტი დალუქული დახვდათ.

როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს, ჯიხურების კარების დალუქვა გუშინ ღამით მოხდა.

"ჩვენ ღამით გავუწიეთ წინააღმდეგობა, რომ არ დაედუღებინათ კარები. შემოდიან პოლიციის ძალით. მუშაობის გაგრძელება კი გვინდა, მაგრამ თუ არ დაგვიწევენ ტარიფს სხვაგან წავალთ და იქ ვიმუშავებთ", - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

"მიწა არის ჩვენი, ჯიხურები - ამათი. მთავრობის შეცვლის შემდეგ გადასახადი გაგვიხადეს 250 დოლარი. ეს ლარი "გაიქცა", არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს 250 დოლარი გადავიხადოთ. ვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ ძველი ტარიფი", - აცხადებს მოვაჭრე.

აქციაზე კომპანიის წარმომადგენელიც მივიდა, რომლისთვისაც აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიუღებელია. მათი განმარტებით, კომპანია ქირის გადასახადის გადახედვას არ აპირებს.