თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი მიმდინარეობს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD-ის ფარგლებში, სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმის ინიციატორები არიან ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები - "მერსი ქორფსი", "ადამიანი გაჭირვებაში", "ქეა საერთაშორისო" და "ოქსფამი დიდი ბრიტანეთი".

ფორუმი ოფიციალურად გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი მიშელაძემ.

ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ მათი გადაჭრის გზები. მათივე განმარტებით, ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მეფუტკრეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

"ფორუმზე წარმოდგენილია, დაახლოებით, 25-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა ძირითად საქმიანობას მეფუტკრეობა წარმოადგენს. დღევანდელი ფორუმი არის საძირკველი მათი მომავალი საქმიანობის, მათი გაერთიანების იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც საქართველოში მეფუტკრეობის განვითარება ჰქვია. გარდა ამისა, დღევანდელი ფორუმის მიზანს წარმოადგენს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც დღეს საქართველოში მეფუტკრეობის დარგს უდგას და შესაბამისად, ამ თემების ირგვლივ დისკუსია, რათა სამომავლოდ მათ გადასაჭრელად გზები დაისახოს", - განაცხადა "მერსი ქორფსის" წარმომადგენელმა გიგა სარუხანიშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ მეფუტკრეობა მთელ ქვეყანაში უკვე განვითარებული დარგია, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებით უწყობს ხელს.

"წელს მზად იქნება ლაბორატორია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირში ჩვენი პრდუქცია გავიტანოთ, მაგრამ როგორც ჩვენ თავიდან განვსაზღვრეთ, ზაფხულის თვეებში ეს შეიძლება ვერ მოესწროს, მაგრამ საერთაშორისო სერთიფიკაციის მქონე ლაბორატორიები, რომელიც საქართველოშია და ასევე თურქეთში, ხელს შეუწყობენ თაფლის გასვლას ევროპაში და ჩვენც ჩვენი ტექნიკური საშუალებებით ამას ძალიან მალე დავეწევით", - განაცხადა გალეგაშვილმა.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის, რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების, კოოპერატივებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეები სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროგრამებსა და ინიციატივებს ეცნობიან. ასევე არსებული საკანონმდებლო რეგულირების შესახებ ინფორმაციას იღებენ.