10 მომხმარებლიდან 7 მარტივად ტყუვდება

ყოველი 10 მომხმარებლიდან 7-8 ადვილად შეიძლება მოტყუვდეს. მართალია, სასურსათო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებმა იკლო, სამაგიეროდ სხვა მიმართულებით ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შესაბამისი კანონი არ არსებობს და მოსახლეობა საერთოდ დაუცველია. მომხმარებელმა, ელემენტარულად არ იცის, რისი უფლება აქვს და როგორ დაიცვას თავი მარკეტინგული ხრიკების თუ სხვა სახის დარღვევებისგან, რასაც სავაჭრო სექტორში მუდმივად აწყდება.

სურსათის უვნებლობის მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებამ ეს სფერო მეტ-ნაკლებად მოაწესრიგა. მართალია, ხარისხისა თუ ტექნიკური რეგლამენტის მხრივ დარღვევები იშვიათია, მაგრამ მომხმარებელი სხვა მხრივ შეიძლება ადვილად მოტყუვდეს. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კომპანიების მარკეტინგულ ხრიკებს, რომელსაც მყიდველის მოსაზიდად იყენებენ.

ბოლო წლებში მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები საკმაოდ გააქტიურდნენ. ერთ-ერთი ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკი", რომელიც თბილისისა და რეგიონის მოსახლეობას დარღვეული უფლებების დაცვაში ეხმარება.

"ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია აცხადებს, რომ მომხმარებლის უფლებები მასობრივად ირღვევა. ყოველი ათიდან, შეიძლება, ორი-სამი აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც არ მოტყუვდება და ესეც საუკეთესო შემთხვევაში.

"დარღვევებზე აქცენტს თუ გავაკეთებთ, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლება ირღვევა, როცა მას ატყუებენ. შეიძლება, ძალიან მცირემ არ მოიტყუოს თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი უფლება არ დაირღვა. პრობლემაა, რომ ხალხი საკუთარი უფლების დაცვას ვერ ახერხებს, რადგან არ იცის, რა შეიძლება მოითხოვოს და არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან როგორ დაიცვას თავი. დარღვევები იქნება იქამდე, სანამ კანონს არ მიიღებენ.

სასურსათო სექტორში ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან კანონმდებლობა შეიცვალა და სურსათის უვნებლობა რეგულარულად მოწმდება. მომხმარებელიც მეტ-ნაკლებად დაცულია. მიუხედავად ამისა, კომპანები უამრავ მარკეტინგულ ხრიკს მიმართავენ და მათ დაგებულ მახეში ხალხი ხშირად ებმება. შეიძლება ეს არ უკავშირდებოდეს კონკრეტული პროდუქტის ხარისხს, შემადგენლობას, მაგრამ რეალიზაციისას სხვადასხვა დარღვევა ფიქსირდება", - აცხადებს ამირან შენგელია.

რაც შეეხება არასასურსათო სექტორს, აქ ყველაზე მეტად სცოდავენ კომპიუტერის, მობილური და ელექტრონული ტექნიკის მაღაზიები, სილამაზის სალონები. სრული განუკითხაობაა კოსმეტიკური საშუალებების, სამკაულისა და სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას, ანუ მომსახურების ყველა სეგმენტში, სადაც კი მომხმარებელი აქტიურობს.

შენგელიას თქმით, ყველაზე ხშირად მყიდველი წინააღმდეგობას უხარისხო პროდუქტის ყიდვისას აწყდება, როდესაც მის მიერ დაწუნებულ ნივთს მეწარმე არ იბრუნებს. ამ დროს კანონმდებლობა არ აძლევს ამის უფლებას.

"მომხმარებლები სასამართლო პროცედურებს ერიდებიან და ადვილად ნებდებიან. ხანაც არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. ჩვენი შუამდგომლობით მეწარმესთან, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება უხარისხო პრდუქტის დაბრუნება. არც მიკვირს. მეწარმეებს არჩევნების პერიოდში იმდენ ფულს "აყრევინებენ", ხომ უნდა ამოიღონ დანაკარგი, ამიტომ ყველაფერზე მიდიან.

როდესაც დარღვევის ფაქტს ვსწავლობთ და საქმეებს ვაგვარებთ, 10-დან 7 საქმე მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. მომსახურება უფასოა და ამის გამო ბევრი მოგვმართავს", - აცხადებს შენგელია.

მისი თქმით, ყველაზე რთულ პრობლემას მომხმარებლისთვის ხარისხში გარკვევა წარმოადგენს. "თითქმის ყველა დაუდევრად ეპყრობა პროდუქტის შეძენისას გამოწერილ ქვითარს, რაც მომავალში, გამოუსადეგარი ნივთის დაბრუნებისას ძალიან გამოადგება. მომხმარებელი მხოლოდ მაშინ მოგვმართავს, როცა დამოუკიდებლად შედეგს ვერ აღწევს.

მეწარმეები მათ პრეტენზიებზე ხშირად ასე პასუხობენ: "სადაც გინდა, იქ მიჩივლე!" ჩივილით კი არავინ ჩივის, მიუხედავად იმისა, რომ მოგების შანსი აქვთ. სანამ კანონი არ ამოქმედდება, რეალური შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება. კანონმდებლობაში მეწარმისა და მომხმარებლის უფლებები მკაფიო უნდა იყოს, რომ ადამიანების მოტყუება ადვილად ვერ შეძლონ", - აცხადებს შენგელია.

უფლებადამცველ ირმა ჭეიშვილის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად მომხმარებელთა საჩივარი სადაზღვევო კომპანიების მიმართ პრეტენზიებს შეეხება.

"სადაზღვევოების მხრიდან უამრავი შემთხვევაა, როდესაც ისინი არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, ხშირად შეჰყავთ შეცდომაში მომხმარებელი და მომსახურებას არ ანაზღაურებენ. პროცენტულად ყველაზე მეტი საჩივარი სწორედ სადაზღვევო სექტორზე მოდის. უხეშად დარღვეულია მომხმარებელთა უფლებები, როცა მათ არჩევანს უზღუდავენ.

სადაზღვევო კომპანიების კლიენტებს არ შეუძლიათ მკურნალობა იმ დაწესებულებაში, რომელსაც აირჩევენ. ხშირად კი ისეთი ხელშეკრულებებია დადებული, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ ბიზნესის და არა მომხმარებლის ინტერესებს", - აცხადებს ჭეიშვილი.

დღეს, როცა მსოფლიო საზოგადოება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, შევეცადეთ, ერთხელ კიდევ გავცნობოდით იმ პრობლემებს, რომლებსაც ქართველი მომხმარებელი თითქმის ყოველდღიურად აწყდება. სამწუხაროდ, დედაქალაქთან ერთად, პრობლემა მწვავეა რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობას დარღვეული უფლებების დაცვა კიდევ უფრო უჭირს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე პირველად 1983 წელს აღნიშნეს, თუმცა ამ თარიღის ისტორია 1962 წლიდან მოდის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. კონგრესში გამოსვლისას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლის 4 ძირითადი უფლებები: უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების, ამომწურავი ინფორმაციის მიღების, თავისუფალი არჩევანისა და უფლება, მოუსმინონ მათ. ამ უფლებებს დაემატა 1985 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული მომხმარებელთა დაცვის ძირითადი მიმართულებები, როგორებიცაა: ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, ზარალის ანაზღაურების, სამომხმარებლო განათლების მიღების, ჯანსაღი გარემოსა და ინტერესების პოლიტიკური დაცვის უფლება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"