"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კომპანია "ჯიპისის" ყიდულობს

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი"კომპანია "ჯიპისის" ყიდულობს. როგორც "სამედიცინო კორპორაცია ევექსში" აცხადებენ, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" (GHG) და სააფთიაქო ქსელმა - სს "ჯიპისიმ" (GPC) მავალდებულებელი ხასიათის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შესაბამის მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის მოპოვების შემდეგ, "ჯიპისის" 100%-იანი წილის მფლობელი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" გახდება.

"ფარმაცევტული კომპანიის შესყიდვა "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" სტრატეგიის ნაწილია. აღნიშნული გარიგება "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ეფექტურად მიაწოდოს მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისები და უზრუნველყოს სამედიცინო სერვისებზე ფასების სტაბილურობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებზე დადებით ასახვას ჰპოვებს", - აცხადებენ "სამედიცინო კორპორაცია ევექსში".

მათივე თქმით, ამ დროისათვის შპს "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელი საქართველოს ფარმაციის ბაზრის დაახლოებით 15%-ს ფლობს და ქვეყნის მასშტაბით 96 აფთიაქით არის წარმოდგენილი.