ქვეყნები, სადაც საგზაო წესების დარღვევაზე ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული

სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევათა უმეტესობა საგზაო წესების დარღვევის შედეგად ხდება.

ამიტომაც, მძღოლების დისციპლინიზაციის ან შესაძლოა, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, საგზაო მოძრაობის პასუხისმგებელი სამსახურები  ჯარიმებს აწესებენ. საქართველოში ჯარიმები ყოველწლიურად იზრდება, რასაც მძღოლების უკმაყოფილება მოსდევს, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც გადასახადები გაცილებით მაღალია. გთავაზობთ მსოფლიოში საგზაო წესების დარღვევისთვის დაწესებული ყველაზე მაღალი ჯარიმების რეიტინგს.

ფინეთი

ფინეთში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ყველაზე მაღალი ჯარიმაა - 200 ათასი დოლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი დარღვევისთვის თქვენც იმავე თანხით დაგაჯარიმებენ. საქმე ის არის, რომ ფინეთში ჯარიმის მაქსიმალური თანხა შეზღუდული არ არის, იგი განისაზღვრება დამრღვევის წლიური შემოსავლის მიხედვით. იუსი სალონოიას წლიურმა შემოსავალმა 11 მილიონი დოლარი შეადგინა, რის გამოც ჯარიმის თანხა ”კოსმიური” აღმოჩნდა.

ფინეთში ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის მინიმალური ჯარიმა 1 500 ევროს შეადგენს; წითელზე გავლისთვის 90 ევრო; სისხლში ალკოჰოლის აღმოჩენის გამო 4 500 ევროს გადახდა მოგიწევთ; პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 10 ევროდან იწყება, ღვედის გამოუყენებლობისთვის კი 135 ევროა.

კანადა

კანადაში რეკორდული ჯარიმა 25 ათასი დოლარის ოდენობით დაფიქსირდა პროვინცია ალბერტაში. სიდიდით მეორე ჯარიმა - 12 ათასი დოლარი ერგო მოტოციკლეტისტს, რომელიც 260 კმ/სთ-ით მოძრაობდა. თუმცა ხშირად სწრაფი სიჩქარის მოყვარულები ჯარიმის სახით 1000 დოლარს იხდიან.

დანარჩენი დარღვევებისთვის შემდეგი ჯარიმებია დაწესებული: წითელზე გავლა - 144 დოლარი; სისხლში ალკოჰოლის შემცველობა - 600 დოლარიდან და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 24 თვით; პარკირება აკრძალულ ადგილას - 100 დოლარი; ღვედის გამოუყენებლობა - 1000 დოლარი.

იაპონია

იაპონიაში საგზაო წესების ყველაზე სერიოზულ დარღვევად სისხლში ალკოჰოლის შემცველობა ითვლება, რისთვისაც მძღოლი 8 700 დოლარით ისჯება. ასევე მკაცრი სასჯელი ელის წითელზე გამავალ მძღოლს - 420 დოლარის ოდენობის ჯარიმის გარდა, კანონდამრღვევს 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

დანარჩენი დარღვევებისთვის შემდეგი ჯარიმებია დაწესებული: პარკირება აკრძალულ ადგილას - 830 დოლარი; ღვედის გამოუყენებლობა - 450 დოლარი.

დიდი ბრიტანეთი

2007 წელს Porsche 911-ის მძღოლი 8000 დოლარით დააჯარიმეს ერთ-ერთ სოფელში 275 კმ/სთ-ით გადაადგილებისა და ავტომობილის დაუდევრად ტარებისთვის.

დანარჩენი დარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობა ასე გამოიყურება: წითელზე გავლა - 1800 ფუნტი; სისხლში ალკოჰოლის შემცველობა - 3 000 ფუნტიდან; პარკირება აკრძალულ ადგილზე - 40 ფუნტი; ღვედის გამოუყენებლობა - 500 ფუნტამდე.

იტალია

იტალიაში ყველაზე მკაცრი სასჯელი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს ეკისრებათ. ჯარიმის ოდენობა 6 ათას ევროს აღწევს, ამასთან, მძღოლს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოერთმევა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 1,5 პრომილეა. თუკი ეს მაჩვენებელი 0,8 პრომილეს არ აღემატება, ჯარიმის თანხა 3 200 ევროს შეადგენს.

დანარჩენი ჯარიმები არც თუ ისე მკაცრია: წითელზე გავლა - 90 ევრო; პარკირება აკრძალულ ადგილას -75 ევრო; ღვედის გამოუყენებლობა - 300 ევრო.

აშშ

აშშ-ის უმეტეს შტატებში სიჩქარის გადაჭარბება 1000 დოლარამდე ისჯება. თუმცა, ზოგიერთ შტატში მსგავსი დარღვევისთვის მეტად მკაცრი ჯარიმებია დაწესებული. მაგალითად, ვირჯინიაში საკმარისია 15 კმ/სთ-ით გადააჭარბოთ სიჩქარეს, რომ 2500 დოლარის ოდენობით ჯარიმა მიიღოთ. გარდა ამისა, ზოგიერთ შტატში ამისათვის პატიმრობაც გელით.

დანარჩენი დარღვევებისთვის ჯარიმის თანხის ოდენობა: წითელზე გასვლა - 50 დოლარი; სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,5 პრომილეზე მეტი - 1000 დოლარი და მართვის მოწმობის ჩამორთმევა; ღვედის გამოუყენებლობა - 50 დოლარი; პარკირება აკრძალულ ადგილას - 35 დოლარი.

პორტუგალია

პორტუგალიაში არანაკლებ მკაცრი კანონები მოქმედებს საგზაო წესების დამრღვევთათვის. თანაც, პოლიციელებს თან ახლავთ მობილური ბანკომატები და დამრღვევებს ჯარიმას ადგილზევე ახდევინებენ. აჯარიმებენ ნებისმიერი დარღვევისთვის - მობილურზე საუბრით დაწყებული, სიჩქარის რეჟიმის დარღვევებით დამთავრებული. ღვედი უკანა სავარძელში მსხდომებმაც უნდა გამოიყენონ. თუკი მძღოლი ჯარიმას ადგილზევე არ გადაიხდის, მას უფლება არ აქვს, გზა განაგრძოს. გადაჭარბებული სიჩქარისთვის დამრღვევი იხდის 1800 ევრომდე. სისხლში ალკოჰოლის შემცველობისთვის (0,7 პრომილე და მაღლა) - 2500 ევროს.

დანარჩენი დარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობა ნაკლებად მკაცრია: ავტომობილის მართვისას მობილურ ტელეფონზე საუბარი - 500 ევრომდე; წითელზე გასვლა - 100 ევროდან; პარკირება აკრძალულ ადგილას - 55 ევრომდე.

გერმანია

გერმანელები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის მკაცრად არ სჯიან. ზოგიერთ ავტობანზე მაქსიმალური სიჩქარე განსაზღვრული არ არის. სიჩქარის ყველაზე უხეში დარღვევა 623 დოლარით ისჯება, თუმცა, სისხლში ალკოჰოლის შემცველობისთვის მძღოლს გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევს - 3000 ევრო.

წითელზე გავლა - 360 ევრომდე, პარკირება აკრძალულ ადგილას - 25 ევრო. ღვედის გამოუყენებლობა - 30 ევრომდე.

დუდანა ზაქარაია