მარტვილის მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტის შემადგენელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სალხინო - ლეცავე - ბალდას დამაკავშირებელ 6,5 კილომეტრიან გზას, რომელიც 35 წელია არ შეკეთებულა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო.

"აღნიშნული გზა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გამარტივდება საავტომობილო მიმოსვლა სამი სოფლის - სალხინოს, ლეცავესა და ბალდას მოსახლეობისთვის. გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება, და მისი ღირებულება 1 მილიონ 700 ათასი ლარია.

სამშენებლო სამუშაოებზე 70 ადამიანი დასაქმდება და 2016 წლის სექტემბერში დასრულდება", - აცხადებენ სამინისტროში.