იტალიაში სუპერმარკეტებს გაუყიდავი პროდუქტის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენება კანონით დაევალება

იტალიაში სუპერმარკეტებს დაავალდებულებენ, გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყონ.

კანონპროექტმა პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა მოიპოვა და უახლოეს დღეებში განსახილველად სენატს გადაეგზავნება.

კანონპროექტის მიღების შემთხვვევაში, იტალია რიგით მეორე ევროპული ქვეყანა გახდება მსგავსი პრაქტიკით მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა გასულ თვეს სუპერმარკეტებს პროდუქტის უტილიზება ოფიციალურად აუკრძალა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა.

ამჟამად იტალიაში შემოწირულობის საკმაოდ რთული სისტემა მოქმედებს. ნებისმიერმა რესტორანმა, სუპერმარკეტმა თუ სხვა დაწესებულებამ საკვები პროდუქტების საქველმოქმედო მიზნით დარიგების შესახებ წინასწარ უნდა გააკეთოს განცხადება.

ახალ კანონპროექტში ეს მოთხოვნა გაუქმებულია, ასევე გათვალისწინებულია ნაგავზე გადასახადის შემცირება იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც პროდუქტს ქველმოქმედების მიზნით დაარიგებენ.

იტალიელი დეპუტატების თქმით, მათი საკანონმდებლო ინიციატივის ამოცანაა, ხელი შეუწყონ რესტორნებსა და სავაჭრო ქსელებს, საკვები პროდუქტების გადაყრის ნაცვლად, ის ღარიბებს დაურიგონ.

ცოტა ხნის წინ დანიაში გაიხსნა პირველი სასურსათო სუპერმარკეტი, სადაც შემოწირული პროდუქტი დაბალ ფასად იყიდება.