ლარის კურსის დადგენა ბუნდოვან გარემოში ხდება

ლარის მკვეთრმა გამყარებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა საკითხი, უნდა იყოს თუ არა კურსის განსაზღვრის პროცესი მეტად გამჭვირვალე. ანუ საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტული ბანკი რა მოცულობის ვალუტას ყიდულობს. ეკონომისტები ცალსახად აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია და სპეკულაციების თავიდან აცილება, თუ მსგავსი რამ არსებობს, ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახერხოს.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთ თვეში ლარი დოლარის მიმართ 6,8%-ით გამყარდა. ღია ბაზარზე გამყარების მასშტაბები უფრო დიდია. გამომდინარე იქიდან, რომ სესხების 65%, ხოლო დეპოზიტების 75% დოლარშია. საზოგადოების ინტერესი დოლარი-ლარის კურსის თამაშის მიმართ ერთი ორად გაზრდილია. ხშირად კეთდება განცხადებები, რომ ინფორმაცია ბლუმბერგის სავალუტო სისტემაში კომერციული ბანკების მიერ დადებული გარიგებების შესახებ ღია უნდა იყოს. კერძოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს კონკრეტული ბანკი რამდენ და რომელ ვალუტას ითხოვს, რათა სპეკულაციები გამოირიცხოს. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ბანკი არის ჩვეულებრივი კომერციული უწყება, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, ამიტომ მას მორალს ვერ მოსთხოვ. ასეთი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს ინტერვენციების სახით.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ როგორც ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახური უმალავს ინფორმაციას ერთმანეთს, ასეთივე სტრატეგია აქვთ კომერციულ ბანკებს.

"ეს არის სენსიტიური ინფორმაცია. ბანკები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა მეგობრები. მათ არ სურთ კონკრეტული გარიგებების შესახებ ინფორმაცია მის კონკურენტს ჰქონდეს. შესაძლებელია ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. გარდა ამისა, ბანკების სურვილი არ არის მათ კონკრეტულ ნაბიჯზე ვიღაც იყოს ჩასაფრებული, რომელსაც შეიძლება აჟიოტაჟი მოჰვეს. რაც უფრო შორს იქნება ცნობისმოყვარე თვალი მათთვის მით უკეთესია", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, ეს კერძო საკუთრების კომერციული უფლებაა. ყველა კომერციულ უწყებას აქვს უფლება გაასაჯაროოს ან დახუროს ინფორმაცია, რომელიც მას ეკუთვნის. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ამ ინფორმაციასთან წვდომის ლეგიტიმური უფლება აქვს - ეროვნული ბანკია.

"ბანკების ნებაა ეს ინფორმაცია იქნება გამჭვირვალე თუ არა. მათ მეტ გამჭვირვალობას ვერავინ მოთხოვს, ვინაიდან ეს უკავშირდება უსაფრთხოებასა და კომერციულ საიდუმლოებას. ასევე პირდაპირ კავშირშია კერძო საკუთრების უფლებების დაცვასთან. მესმის საზოგადოების ინტერესი, იმასთან დაკავშირებით, იძლევა თუ არა ბლუმბერგის სისტემა სპეკულაციების შესაძლებლობას. ყველა ბანკი არის კომერციული უწყება, რომელსაც აქვს სურვილი ფული იყიდოს იაფად და გაყიდოს ძვირად, რათა მოგება დარჩეს. აქ მორალზე საუბარი ზედმეტია. ეს არის კლასიკური კანონზომიერება. ერთადერთი რეგულაციის ბერკეტი ინტერვენციების სახით აქვს ეროვნულ ბანკს", - აცხადებს თოქმაზიშვილი.

ფინანსისტ ვახტანგ ხომიზურაშვილის აზრით, ყველაზე გამჭვირვალე სისტემა არის სავალუტო ბირჟა და თავის დროზე ბლუმბერგის სისტემაში გადასვლა შეცდომა იყო, ვინაიდან საქართველო ამისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად.

ვახტანგ ხომიზურაშვილის განცხადებით, ვალუტის კურსი სამართლიანი მაშინ არის, როდესაც კონცენტრაცია კეთდება მოთხოვნა-მიწოდებაზე და მოცულობა დიდია. "ბლუმბერგის" სისტემაში პატარა თანხამაც შეიძლება კურსის ცვლილება გამოიწვიოს, მაგალითად, მოლაპარაკებით, სპეკულაციური თავდასხმებით და ა. შ.

"შეიძლება 10 ათას დოლარად სავალუტო კურსი აბურთავო როგორც გინდა და ამის პატრონი არავინ არის. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, მაგრამ შემმოწმებელი ვინაა? ჩვენთან სავალუტო რესურსი საბანკო სისტემაშია. ორ ბანკს უკავია მთელი ქვეყნის სავალუტო რესურსების 70 პროცენტი. საქმე გვაქვს ოლიგოპოლიასთან, როდესაც სრულიად დასაშვებია მოლაპარაკება, გარკვეული შეთანხმება", - მიიჩნევს ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ სუსტი ეკონომიკის, განვითარებადი ქვეყნებისთვის მიზანშეწონილია სავალუტო ბირჟების ფუნქციობა. თავიდან ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გაკეთდა, სადაც კურსის ფორმირება ხდებოდა. დაცული იყო სავაჭრო წესები, კონტროლის მექანიზმი და ა. შ.

"2006 წლიდან ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა მოისპო და ქვეყანა გადავიდა "ბლუმბერგის" სისტემაში. იგი არ არის სავაჭრო მოდელი, ეს, უბრალოდ, საინფორმაციო სისტემაა. სავალუტო ბირჟებზე მკაცრად არის რეგულირებული კურსის ფორმირების პრინციპები, ანუ განსაზღვრულია გარიგებისთვის საჭირო მინიმალური თანხის მოცულობა. ბირჟაზე ყველას აქვს შესაძლებლობა დაინახოს, რა მოცულობით მიდის ვაჭრობა, რა დოზით ერევა ეროვნული ბანკი, რამდენი ბანკი მონაწილეობს. ამ შემთხვევაში კონფიდენციალურობიდან გამომდინარე დახურულია მხოლოდ ინფორმაცია - რომელმა ბანკმა რომელი და რამდენი ვალუტა იყიდა", - ამბობს ხომიზურაშვილი.

სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს მიხეილ თოქმაზიშვილს. იგი აღნიშნავს, რომ სავალუტო კურსის განსაზღვრაში კომერციული ბანკები მონაწილეობენ, მაგრამ მათთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია არა ცვალებადი ვალუტა, არამედ სტაბილური კურსი.

"თუ ისინი ერთ შემთხვევაში შეეცდებიან სპეკულაციური კურსით მოიგონ რამე, მეორე შემთხვევაში აუცილებლად წააგებენ. გამორიცხულია, რომ კომერციული ბანკები კურსთა მერყეობით იყვნენ დაინტერესებულნი. გარდა ამისა, "ბლუმბერგის" სისტემაში უფრო გაშლილია ვალუტის მიწოდება, ბირჟაზე ეს შეზღუდული იყო", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

ადრე ეროვნული ბანკი აქვეყნებდა ზოგად ინფორმაციას, რამდენი ბანკი მონაწილეობდა სავალუტო აუქციონებში და მთლიანობაში როგორი იყო მოთხოვნა-მიწოდება, თუმცა კარგა ხანია მისი გამოქვეყნება შეწყდა. თოქმაზიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია უფრო მეტ გაუგებრობას იწვევდა, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც მოთხოვნა იყო კონკრეტულ ვალუტაზე და აბსოლუტურად განსხვავებული კურსი იდებოდა. "ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში მიდის და მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ეს ინფორმაცია საინტერესო არ არის. უფრო მეტ გაუგებრობას იწვევდა და კარგია, რომ მისი გამოქვეყნება შეწყდა", - მიიჩნევს თოქმაზიშვილი.

საქართველო "ბლუმბერგის" სისტემაში 20009 წლის მარტიდან ჩაერთო. ამ გადაწყვეტილების მთავარი ინიციატორი "საქართველოში ეკონომიკური რეფორმების ფუძემდებლად" წოდებული კახა ბენდუქიძე იყო. იგი მიიჩნევდა, რომ "საქართველოსთვის და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის საკუთარი ვალუტის არსებობა ზედმეტი რისკი გახლდათ". ბენდუქიძის მოწოდება იყო ისიც, რომ საქართველოში ლართან ერთად მიმოქცევაში დოლარი და ევრო უნდა ჩაშვებულიყო, რაც ინვესტორებს სავალუტო რისკისგან დაიცავდა. ეკონომისტების დიდი ნაწილის აზრით, უკან დაბრუნება არ ღირს, ახლა მთავარია ეროვნულმა ბანკმა სწორი სტრატეგია განსაზღვროს და მთავრობასთან კოორდინირებულად იმუშაოს.

მაკა ვარადაშვილი

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"