„უჩვეულო“ პროდუქტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ექსპორტზე უშვებს

ჩრდილოეთ კორეა დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ტოტალიტარულ ქვეყანას წარმოადგენს.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ჩაკეტილ ქვეყანას საკმაოდ დიდი რაოდენობის, თანაც „უჩვეულო“ საექსპორტო პროდუქტი გააჩნია.

ნახშირი

ცნობილია, რომ მსოფლიოში ნახშირის უმსხვილესი მიმწოდებელი ჩინეთი გახლავთ. საიდან იღებს ჩინეთი მილიონობით ტონა საწვავს? - აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის ძირითადი მიმწოდებელი გახდა - 2015 წლის მაისში ქვეყანამ ჩინეთში 1,8 მილიონი ტონა ნახშირის ექსპორტი მოახდინა.

ბუნებრივი რესურსების ექსპორტი საკმაოდ იოლი საშუალებაა ტოტალიტარული რეჟიმისთვის ფულის საშოვნელად, ამასთან მოსახლეობის კონტროლის შეუსუსტებლად. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპორტი გაერო-ს სანქციების სიაში არ მოხვდა, ამიტომაც ამ გზით ჩრდილოეთ კორეა ფულს კანონიერად შოულობს.

ბალისტიკური რაკეტები

ჩრდილოეთ კორეა ასევე ცნობილია ბალისტიკური რაკეტების პროვოკაციული გაშვებებით, რომელსაც როგორც წესი, ”ავაზაკი კაპიტალისტების მზაკვრობას” მიაწერენ. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს მხოლოდ ამისთვის არ იყენებენ, მათ საექსპორტოდაც უშვებენ, რითიც ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიონობით დოლარით ივსება. ბალისტიკური რაკეტების ექსპორტი მთავრობას საშუალებას აძლევს, განაგრძოს რაკეტების წარმოება შიდა მოხმარებისთვის.

იარაღის ქარხნები

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანაა, მისი არმია მილიონ ადამიანზე მეტს ითვლის. იარაღის უზარმაზარი ინდუსტრია ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის გამომუშავების კიდევ ერთი საშუალება გახლავთ. ჩრდილოეთ კორეა იარაღის ექსპორტის გარდა, კლიენტებს იარაღის ქარხნების აშენებას სთავაზობს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ ეთიოპიის იარაღის ორი ქარხნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა და საჭირო დანადგარებითაც აღჭურვა. გარდა ამის, ნიგერიასა და მადაგასკარშიც ააშენა სამხედრო ობიექტები.

ძეგლები

ჩრდილოეთ კორეაში კოლოსალური რაოდენობის ძეგლია აღმართული, რადგანაც ისინი პროპაგანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს ქანდაკებების შეკვეთა.

ამგვარად, ზიმბაბვემ 5 მილიონი დოლარი გადაიხადა ქვეყნის პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს ორ ძეგლში. ასევე, ჩრდილოეთ კორეას დამზადებული აქვს ქანდაკებები ანგოლასთვის, ეგვიპტისთვის, ეკვატორული გვინეისთვის და გერმანიისთვისაც კი. ყველაზე დიდი შემკვეთი გახლავთ ნამიბია, რომელთანაც 2000-იანი წლების დასაწყისში გაფორმდა 60-მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტი გიგანტური სამხედრო მემორიალის ასაშენებლად.

რესტორნები

რესტორნებს, რომლებიც ”ნამდვილ ჩრდილოეთკორეულ კერძებსა” და გართობის სახით ტრადიციულ ცეკვა-სიმღერას სთავაზობენ მომხმარებელს, აზიის ნებისმიერ ქვეყანაში აღმოაჩენთ. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს რესტორნები ნამდვილად ჩრდილოეთ კორეულია - 1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეამ რესტორნების ქსელი Pyongyang Restaurant გახსნა მთელი აზიის მასშტაბით. ამით ქვეყანამ ერთდოულად სამი კურდღელი მოინადირა: ბიუჯეტის შესავსები ფულის გამომუშავება, ჩრდილოეთ კორეის საელჩოების დაფინანსება იმ ქვეყნებში, სადაც რესტორნებია გახსნილი და ფულის გათეთრება.

ტექსტილი

ჩინეთის პროვინციის, დანდუნის მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობასთან თანამშრომლობს. ამ საქმიანობის მაგალითი გახლავთ ტექსტილის ქარხნები, სადაც მხოლოდ ჩრდილოეთკორეელები არიან დასაქმებული.

საზღვარზე გადატანისას პროდუქციას ეკრობა იარლიყი ”დამზადებულია ჩინეთში”. მსგავსი მოთხოვნილება ქვეყანაში დამზადებულ პროდუქციაზე გასაკვირი არ არის, რადგაც მსოფლიოში თითქმის ყველაზე მეტი იაფი მუშა ხელი სწორედ ჩრდილოეთ კორეაშია.

დოლარის ყალბი ბანკნოტები

ჩრდილოეთ კორეა ყალბი ბანკნოტების დამზადების უდავო ლიდერია. ამერიკული დოლარის  კუპიურების დასამზადებლად ჩრდილოეთ კორეამ დანადგარები იაპონიაში, ქაღალდი ჰონგ-კონგში, ხოლო მელანი კი საფრანგეთში შეიძინა. ახალი ყალბი ფული იმდენად ხარისხიანი აღმოჩნდა, რომ აშშ-ს 2013 წელს ახალი 100-დოლარიანი კუპიურის გამოშვებამ მოუწია.

მუშა ხელი

ჩრდილოეთ კორეა ნამდვილად არ უჩივის მოსახლეობის ნაკლებობას. როგორ შეიძლება მათი გამოყენება? - ვიდრე ქვეყნის მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ გაემგზავრება, მისი ოჯახის წევრები, ფაქტობრივად, მძევლები ხდებიან, რათა გამომუშავებული ფული გარანტირებულად სამშობლოში გამოიგზავნოს. ამჟამად, საზღვარგარეთ 50 ათასამდე ჩრდილოეთ კორეელი შრომობს, რომლებიც სამშობლოში წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარის აგზავნიან.

მეტამფეტამინები

ჩრდილოეთ კორეა ნარკოტიკებით 1970 წლიდან ვაჭრობს - მას შემდეგ, რაც თავის საერთაშორისო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა. თავდაპირველად, ქვეყანა ნარკოტიკების პარტიების გადასაზიდ კონტრაქტებს დიპლომატების დახმარებით, დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებით იღებდა. მოგვიანებით, ქვეყანამ საკუთარი ნარკოტიკების, უპირველეს ყოვლისა, მეტამფეტამინების წარმოება დაიწყო, რომელსაც თავისი საელჩოების მეშვეობით ასაღებდა. ჩრდილოეთკორეულმა მეტამფეტამინმა აღიარება ჰპოვა მაღალი ხარისხის გამო (99% სისუფთავე).

ეს გასაკვირიც არ არის, რადგანაც ნარკოტიკებს სახელმწიფო საწარმოებში ამზადებენ პროფესიონალი ქიმიკოსების ხელმძღვანელობით. თუმცა, 2000-იან წლებში კორეული ნარკოტიკების სისუფთავემ მკვეთრად იკლო, მაგრამ ამის გამო გაყიდვები არ შემცირებულა.

ატომური რეაქტორები

ალბათ, ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ” გასაოცარი საექსპორტო პროდუქტი” გახლდათ სირიაში ატომური რეაქტორის აშენება, რომელიც ისრაელმა 2007 წელს დაბომბა. რეაქტორი რომ არ დაებომბათ, მას ისეთი რაოდენობის პლუტონიუმის გამომუშავება შეეძლო, რომ წელიწადში ერთ-ორ ატომურ ბომბს შექმნიდა.

დუდანა ზაქარაია