პურის გასაიაფებლად ბრძოლა იწყება

რეგიონის მასშტაბით პური ყველაზე ძვირი სომხეთშია, იქ ერთი კილოგრამის ღირებულება 2-2,2 ლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში, სადაც კილოგრამი 0,9 ლარად იყიდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქართულ ბაზარზე კი ერთი კილოგრამი პური 1,7-1,8 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში პურის გაიაფების რესურსი არსებობს და ამის არგუმენტად ფქვილზე შემცირებული ფასი მოჰყავთ. მეპურეები კი მეხორბლეების პოზიციას არ იზიარებენ და აცხადებენ, პურის გაიაფება შეუძლებელია.

თბილისში 1 კილოგრამი პური საცალო ქსელში დაახლოებით 1,7 ლარი ღირს, ერევანში - 2-2,2 ლარი, ბაქოში 1 კგ პურის ფასი, საშუალოდ, 0,9 ლარია, კიევში კი 1 კგ პურის ღირებულება 1 ლარს არ აღემატება, რუსეთში 0,96-1 ლარი ღირს, თუმცა მოსკოვში ფასი 55 რუბლს, დაახლოებით, 1,8 ლარს შეადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ მოსკოვში პურზე მოქმედებს ე. წ. სოციალური ტარიფი, რომელიც ფიქსირებულია და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, თბილისში პური არც ისე იაფია და ქართული პურის ფასს მხოლოდ აზერბაიჯანული და უკრაინული ჩამოუვარდება. უკრაინაში ფასის სიმცირეს ხორბლის მწარმოებლური ქვეყნის სტატუსი განაპირობებს, აზერბაიჯანში კი დაბალი ფასი ხელისუფლების გადაწყვეტილებითაა განპირობებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით, პურზე არ მოქმედებს ე. წ. სოციალური ფასი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ყველა მთავრობა ცდილობს კონტროლქვეშ მოაქციოს ეს ბაზა, ანუ კრიზისულ მომენტებში გარკვეული ტიპის ღონისძიებები განახორციელოს, რათა პურის კრიზისი თავიდან აიცილოს. მაგალითად, უკრაინაში არსებობს აგრარული ფონდი, რომელიც ხორბალს მაშინ ყიდულობს, როცა ის იაფია, ფიქსირებულ ფასად აფქვევინებს წისქვილკომბინატებს და შემდგომ მას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საცხობში ანაწილებს. რუსეთში ამ საქმიანობით საინვესტიციო ფონდია დაკავებული.

თითქმის ასეთივე ტიპის ფონდები მოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ სომხეთში პური მაინც ძვირი ღირს, რისი მიზეზიც, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ძვირი ენერგოტარიფებია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, მიუხედავად მანათის გაუფასურებისა, იქ პური ყველაზე იაფია. გაუფასურების პირველივე დღეებში, სხვა პროდუქტებთან ერთად, ფასმა მოიმატა პურზე, თუმცა მისი გაძვირება მალევე შეჩერდა. აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს განცხადებით, მან აღკვეთა ფქვილის გაძვირება და ამისათვის ხორბლის სახელმწიფო მარაგი და სხვადასხვა საშუალება გამოიყენა. ხელისუფლების ჩარევის წყალობით, მანათის ერთბაშად 50%-ით გაუფასურების მიუხედავად, პურსა და პურპროდუქტებზე ფასის შენარჩუნება მოხერხდა.

დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს. როგორც არამწარმოებელ ყველა ქვეყანაში, აქაც ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზრის კვალდაკვალ მერყეობს, თუმცა თუ იქ მარცვლეული გაიაფდა და თანაც მნიშვნელოვნად, ჩვენთან პურის ფასი ან არ იკლებს, უმნიშვნელოდ მცირდება. დღესაც, როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ხორბალი და შესაბამისად, ფქვილი საგრძნობლად არის გაიაფებული, თუმცა მას პურის ფასზე გავლენა არ მოუხდენია. ლევან სილაგავა ამბობს, რომ ახლა პური, საშუალოდ, 5 თეთრით იაფი უნდა ღირდეს.

"ფქვილის ფასი 45 ლარიდან 36-37 ლარამდე შემცირდა. ეს არის ძალიან სერიოზული კლება პურის მთავარი შემადგენელი ნაწილის და შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პური უნდა გაიაფდეს, თუმცა არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ფქვილი გაიაფებულა და მის კვალდაკვალ პურზეც შემცირებულა ფასი. პირიქით კი ბევრჯერ მომხდარა, როდესაც ფქვილის ფასი იზრდებოდა, მეპურეები პროდუქტს მაშინვე აძვირებდნენ.

ეს ლოგიკა კი მეხორბლეებს ცოტა არასწორად მიგვაჩნია. როდესაც ხორბლისა და ფქვილის ფასი იზრდება, გადამისამართება ხდება წისქვილკომბინატებზე, თუმცა გაიაფების პროცესს ჩვენი მეპურე კოლეგები სიჩუმით ხვდებიან. ფქვილი 20%-ით გაიაფებულია და შესაბამისად, პურიც უნდა გაიაფდეს, საშუალოდ, 5 თეთრით", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სილაგავამ.

სტატისტიკურად ყოველ მესამე ან მეოთხე წელს მსოფლიოში ხორბლის მოსავალი მცირდება და ძვირდება ფქვილიც. "ალბათ, ორიოდე წელში ერთი ტომარა ფქვილი 36-37 ლარი აღარ იქნება და უფრო გაძვირდება. ახლა კი 20%-ით არის ფქვილი გაიაფებული და პურის ფასზე ეს არ ასახულა. როდესაც ფქვილი გაძვირდება, მაშინ მეპურეები ნუღარ გააკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ ფქვილი გაძვირდა და პურიც უნდა გავაძვიროთო, თუ, რა თქმა უნდა, ახლა არ შეამცირებენ ფასს", - დასძინა სილაგავამ.

პურის შესაძლო გაიაფებაზე საუბრობს ეკონომისტი ლევან კალანდაძეც. მისი თქმით, ლარის გამყარების ტენდენციის შენარჩუნების პარალელურად ფასი პურზეც უნდა შემცირდეს.

"მოგეხსენებათ, პურის საწარმოებლად საჭირო ხორბლის 90% იმპორტირებულია. ხორბალი შუა აზიიდან და უკრაინიდან შემოდის და აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებული მხოლოდ ლარის კურსზე არაა. პურთან მიმართებაში, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი. წელს, ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ლარმა გამყარების ტენდენცია შეინარჩუნა, სრულიად შესაძლებელია, ზაფხულისთვის ფასების კორექტირებაზე ვიფიქროთ", - განაცხადა კალანდაძემ.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, მალხაზ დოლიძის მტკიცებით, ლარის გამყარება ფქვილს არ შეხებია, "ჩვენ სტაბილური ფასი გვაქვს. როცა დოლარი გაძვირდა, პურზე იგივე ფასი იყო. ლარი რომ სტაბილიზაციისკენ მოდის, ახლაც იგივეა. საერთოდ, პურზე ფასის ხშირი ცვლა, არასერიოზულია. იგი არის ბარომეტრივით, სტაბილურად უნდა იყოს. უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს", - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ზოგადად პურის ფასს, დოლიძე ამბობს, რომ თბილისში პურს, გარდა ძვირი ენერგომატარებლებისა, შუალედური რგოლი (დისტრიბუცია და მაღაზიები) აძვირებს.

"დღეს ერთი კილოგრამი პურის თვითღირებულება არის დაახლოებით 1,15-1,18 ლარი, რა ფასად ყიდიან მაღაზიებში, ამის თქმა ზუსტად არ შემიძლია. ჩვენთან ძალიან ძვირია შესაფუთი მასალა, ეტიკეტირებაც, რაც პურს უფრო აძვირებს. ამას ემატება ენერგომატარებლები და წყალიც, რომელთა ტარიფი მაღალია.

და კიდევ, ზაფხულში, როდესაც ხორბლის მოსავალი მივიღეთ, მაშინ გადაკეტეს საზღვარი და რუსული ფქვილი არ შემოვიდა. ამის გამო ადგილობრივმა წისქვილებმა ფქვილი გააძვირეს, 44-45 ლარი ღირდა 1 ტომარა. ახლა რის ხარჯზე ამბობენ, რომ პური უნდა გაიაფდესო, არ მესმის. ჩვენთან ფქვილი მაინც ძვირია, ახლა 38-40 ლარი ღირს", - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"