ბრუნო ბალვანერა - საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებზე ხელისუფლებას კერძო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას კერძო სექტორთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა , - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ფინანსთა სამინისტროში განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ბალვანერამ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები ყველას მხრიდან მოწონებულია, რადგან ეს გულისხმობს საგადასახადო სისტემის გამარტივებას ბევრი კუთხით, რაც, თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნას მოიცავს.

"გამარტივდება ქვეყანაში დაბეგვრის რეჟიმი, მოხდება რეინვესტირების წახალისება. აქედან გამომდინარე, ამ რეფორმას ძალიან ბევრი დადებითი ფაქტორი უკავშირდება. რაც შეეხება კონსულტაციების ფორმატს, ხელისუფლებას კერძო სექტორთან ჰქონდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. მოისმინეს ჩვენი აზრი და გაითვალისწინეს. შედგა კონსესუსი იმის თაობაზე, რომ მოგების გადასახადთან დაკავშირებული რეფორმის ამოქმედების ვადა 2017 წლის პირველი იანვრისთვის გადაიწიოს. ეს საშუალებას მისცემს როგორც ხელისუფლებას, ასევე კერძო სექტორს, რომ ამ ინიციატივსთვის კარგად მოემზადონ", - განაცხადა ბალვანერამ.

თავის მხრივ, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ ითხოვდა "საქართველოს ბიზნესასოციაცია" მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას არა პირველი ივლისიდან, არამედ პირველი იანვრიდან.

"ჩვენი ინიციტივა ეხებოდა და ეყრდნობოდა რამდენიმე არგუმენტს, თუ რატომ შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ კანონპროექტის ამოქმედების ვადები განსაზღვრულიყო 2017 წლის პირველი იანვრიდან და არა პირველი ივლისიდან. როცა საქმე გვაქვს მნიშვნელოვან რეფორმასთან, რომელიც ძირეულად ცვლის საგადასახადო ადმინისტრირების მექნიაზმებს. შესაძლებელია, პრაქტიკაში დანრეგვის შემდეგ ხარვეზები გაჩნდეს, ამისგან არავინაა დაზღვეული და ჩვენ ვიცით, რომ ესტონეთში ამოქმედების დღიდან 200-მდე ცვლილება შეიტანეს კანონპროექტში, ამიტომ ვფიქრობდით, რომ პირველი ივლისიდან შესვლის შემთხვევაში პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის მომენტისთვის არ დარჩებოდა არანაირი დროის რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შესულიყო მომავალი პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ წონიანი არგუმენტია და მნიშვნელოვანწილად სცემს ყველა კითხვას პასუხს, თუ რატომ მოვითხოვეთ ეს", - განაცხადა ასლანიშვილმა.

მისივე თქმით, ბევრ კომპანიას დრო დასჭირდება ამ ცვლილებებთან ადაპტირებისთვის.

"პირველი ივლისიდან ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული ბუნდოვანება გაჩენილიყო რეფორმის იმპლემენტაციის პერიოდში. რაც გარკვეულწილად ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის დისკრედიტაციის რისკებს შექმნიდა. ჩვენ ეს არ გვინდა, რომ მოხდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას", - განაცხადა ასლანიშვილმა.