საქართველოში საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს.

ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასები გაზრდილია, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აღნიშნულს ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში გამყარებას უკავშირებს.

ორგანიზაციის ცნობით, დღეისთვის ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასეთია: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,65-1,80 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,55-1,69 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,35-1,55 ლარი; დიზელი- 62 -1,32-1,45 ლარი; ევრო დიზელი - 1,35-1,65 ლარი.

რაც შეეხება ნავთობის საერთაშორისო ღირებულებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდში ფასები გაზრდილია.

დღეისათვის, ლონდონში (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბალერზე 41,47დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 41,62 დოლარი/ბარელზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი განმარტავს, რომ მიმდინარე საერთაშორისო ფასებს სხვადასხვა ფუნდამენტალური ფაქტორები განსაზღვრავს.

"პირველი - მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა.

მეორე - ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე.

მესამე - მსოფლიოში ნავთობის მეორე მომხმარებელი ქვეყნის - ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ორგანიზაციის პროგნოზით, ნავთობის ფასის მომავალი ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული 17 აპრილს კატარში დაგეგმილ ოპეკის შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნება ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ საკითხი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე