დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება

ხალხს პარლამენტის ყოფილი დეპუტატების შენახვა წელიწადში 4,5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, 560-ლარიან პენსიას 677 დეპუტატი იღებს, მათი რაოდენობა 4 წელიწადში ერთხელ მუდმივად იზრდება. საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვა და პროტესტი, რატომ უნდა არჩენდეს ხალხი პარლამენტის წევრების დაახლოებით 70%-ს, როდესაც მათ პარლამენტი - დასასვენებელი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები "უწესო" ადგილები ჰგონიათ? დეპუტატთა დიდი ნაწილი საპარლამენტო ვადას ისე ასრულებს, რომ საკუთარ ფუნქციაზე საუბარიც კი არ შეუძლია.

ყოფილი დეპუტატის პენსია საზოგადოების რიგითი წევრის პენსიას 250%-ით აღემატება. სპეციალისტების განცხადებით, იმისთვის, რომ კორუფცია გამოირიცხოს, დეპუტატს მაღალი ხელფასი და შემდეგ პენსია უნდა ჰქონდეს. ეს მსჯელობა შეიძლება ლოგიკური იყოს, თუმცა ამასთანავე ჩნდება მეორე კითხვა, ვინ უფრო მეტ დოვლათს ქმნის ქვეყნისთვის - მწერალი (მაგალითად, გურამ დოჩანაშვილის პენსია 160 ლარია), მეცნიერი ან მიწის მუშა, თუ დეპუტატები, რომელთა სახელები საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია.

დავიწყოთ თავიდან: დეპუტატის ხელფასი 2 ათასი ლარია. 2013 წლის 1-ლი იანვრიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი ასე განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარე - 3 905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 3 570 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 5 505 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე - 2 705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე - 2 635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე - 2 105 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 1 970 ლარი, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები - 1 905 ლარი, პარლამენტის წევრი - 1 790 ლარი.

შესაბამისად გამოდის, რომ დღევანდელი პარლამენტარის მინიმალური ხელფასი 3 790 ლარს შეადგენს. ესეც მაშინ, თუ კანონმდებელი არც პარლამენტის თავმჯდომარეა, არც თავმჯდომარის მოადგილე, არც უმრავლესობის და არც უმცირესობის ლიდერი, არც მაჟორიტარი, თანამდებობის შესაბამისად ხელფასი, დანამატთან ერთად, 3 905-დან 6 905 ლარამდე იზრდება.

სადეპუტატო ვადის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრს ენიშნება კომპენსაცია - 560 ლარი, ანუ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით. ამ თანხას ყოფილი დეპუტატი საპენსიო ასაკიდან იღებს, ხოლო თუკი მას აქვს 25-წლიანი სამუშაო სტაჟი, პენსია უფრო ახალგაზრდასაც ენიშნება. მაგალითად, 45 წლის ყოფილი დეპუტატი, რომელსაც 25 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს, 560 ლარის პენსიას იღებს (დასაქმების შემთხვევაში, საპენსიო ანაზღაურება უჩერდება).

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ეფექტიანობა იზომება იმით, თუ რამდენად უფრო იაფი უჯდება მისი შენახვა საზოგადოებას, ანუ რა ფასი ადევს ქვეყნის ადმინისტრირებას.

"უნდა გავზომოთ ხელისუფლების შედეგიანობა უფრო მეტია, თუ მისი შენახვის ხარჯი. ამ ორი მოცემულობის შედარებისას გამოდის, რომ ხელისუფლების, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს შენახვა არცთუ ისე იაფი გვიჯდება", - ამბობს სოსო არჩვაძე და მაგალითად ისრაელის საკანონმდებლო ორაგნო მოჰყავს.

კერძოდ, ისრაელში, საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ერთ დეპუტატზე 10-ჯერ მეტი მშპ იქმნება. თუკი შესადარებელი ფასებით განვიხილავთ, ისრაელში 1 დეპუტატზე მოდის 2, 260 მილიარდი დოლარის მშპ, ხოლო ჩვენთან 227,3 მილიონი დოლარის. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ისრაელის ეკონომიკა საქართველოსთან შედარებით უფრო განვითარებულია და იქ აბსოლუტური მშპ-ც მეტი იქნება. თუმცა, ისრაელის ქნესეთს (საკანონმდებლო ორგანო), სადაც უფრო მეტი მშპ იქმნება, ნაკლები დეპუტატი ჰყავს (120) და მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით, ქართველი დეპუტატების შენახვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფასი 2,8-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ისრაელში.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ დეპუტატებს პენსია-ხელფასი უნდა ჩამოვაკლოთ. მათ უფრო მეტი უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს დანარჩენი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მათ ანაზღაურებასთან მიახლოება. მაშინ მათი პრივილეგიები ასე თვალშისაცემი აღარ იქნება", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ არსებული სისტემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ მაჩვენებელზე, ეს უნდა იყოს 560 ლარი, უფრო მეტი თუ ნაკლები. ამასთანავე, ექსპერტი განმარტავს, რომ დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებაზე უარის თქმა იქნება არასწორი, ანუ დემოკრატია იაფი არ ჯდება. თუმცა, საზოგადოებამ, როდესაც მას რაღაც არასწორად მიაჩნია, თავისი ლეგიტიმური უფლებების გამოყენებაც უნდა ისწავლოს.

"შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად სწორია ამ ჯგუფის გამოყოფა სხვა ნაკლებად დაუცველი სოციალური ჯგუფისგან. მით უმეტეს თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი 4 წლის განმავლობაში და მას მერე გადასახადის გადამხდელთა სარჩენი უნდა იყოს. თუმცა, ამდაგვარი გამონაკლისების გამო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე უარის თქმა სწორი არ იქნება", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

560-ლარიანი პენსიონერების სია კიდევ უფრო შეიძლება გაიზარდოს, თუკი პარლამენტი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ისინი სხვა ყოფილ დეპუტატებთან გათანაბრებასა და ასევე დიდი პენსიის დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტში ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება და რამდენიმე კომიტეტმა მოიწონა კიდეც. საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, საბჭოთა საქართველოს დეპუტატი ვილენ ალავიძე აცხადებს, რომ ის უმაღლეს საბჭოში 80-90-იან წლებში იყო. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტში 2015 წლის ივნისში შეიტანეს განაცხადი, ეს განიხილა ბიურომ და რამდენიმე კომიტეტს შესწავლა დაავალა. მისი თქმით, საკითხი უკვე განიხილა რამდენიმე წამყვანმა კომიტეტმა. დარჩენილია ჯანდაცვის კომიტეტი, თუმცა ის საკითხს მანამდე ვერ განიხილავს, სანამ ფინანსთა სამინისტროსგან ფინანსურ უზრუნველყოფაზე დასტური არ ექნება. ალავიძეს იმედი აქვს, რომ ხადურის უწყება მათთვის 560-ლარიანი პენსიის სახსარს 2017 წლის ბიუჯეტში მაინც გამოძებნის.

ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას, რომლებსაც არ გაუმართლათ და პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ და სავარაუდოდ, ეს მათთვის ბოლო მატება იქნება, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტს გაზრდილი ხარჯის გამო ჩვეულებრივი ადამიანებისთვის პენსიის მომატების შესაძლებლობა ნამდვილად აღარ აქვს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"