2015 წელს ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2,3 პროცენტით შემცირდა

2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 59 249 (30 902 ბიჭი და 28 347 გოგო) შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით ნაკლებია.

ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება.

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2015 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,8 პუნქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი უცვლელი დარჩა.

წინა წელთან შედარებით 2015 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 40,7 პროცენტიდან 38,8 პროცენტამდე შემცირდა.

2015 წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 25,0 წელი შეადგინა.

2015 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 0,7 პროცენტით გაიზარდა და 49 121 შეადგინა.

გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივმა სტრუქტურამ განიცადა მცირეოდენი ცვლილება. ყველაზე დიდი პროცენტული მატება დაფიქსირდა 65-69 და 85 და მეტი წლის ასაკობრივ ჯგუფებში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ყველაზე დიდი პროცენტული კლება კი ორივე სქესისათვის დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2015 წელს 8,6 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,9 პუნქტით ნაკლებია. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელთან შედარებით 0,7 პუნქტით შემცირდა და 10,2 პრომილე შეადგინა.

2015 წლის ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) მიუხედავად წინა წელთან შედარებით 12,3 პროცენტით კლებისა, მაინც მაღალი დონე შეინარჩუნა და 10 128 შეადგინა.

2015 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. 2015 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7,5 პროცენტით შემცირდა და 29 157 შეადგინა.

2015 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 112 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით 3,1 პროცენტით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0-10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია (10,2 პროცენტი).