დავით ნარმანია - მინიმალურად აუცილებელი რეგულაციებით დავიწყებთ, რათა ტაქსების სექტორში მდგომარეობა მოვაწესრიგოთ

მინიმალურად აუცილებელი რეგულაციებით დავიწყებთ, რათა ეტაპობრივად მდგომარეობა მოვაწესრიგოთ ტაქსების სექტორში, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტაქსებზე რეგულაციების შემოღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ნარმანიას თქმით, თბილისელები აქტიურად ითხოვენ იმას, რომ ტაქსების სფეროში არსებული განუკითხაობა მოწესრიგებულ იქნას და ეს ყველაფერი გარკვეული რეგულაციების ქვეშ იქნას მოქცეული ისევე, როგორც ძალიან ბევრ თანამედროვე ქალაქშია.

"მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანები, რომლებიც ტაქსებზე მუშაობენ, ტექნიკურად გამართულები იყვნენ, ამიტომაც ზოგადად, როდესაც ქვეყანაში ტექნიკური დათვალიერება იქნება შემოღებული, ამ პერიოდისთვის მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ავტომანქანები ერთი მხრივ, ტექნიკურად გამართულები იყვნენ, მეორე მხრივ კი, სალონში იყოს ნორმალური მდგომარეობა, რათა მგზავრობა იყოს კომფორტული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ყველა ტაქსი უნდა იყოს აღრიცხული და უნდა არსებობდეს ინფორმაცია, თუ ვინ მართავს ამა თუ იმ ტაქსს.

"მოთხოვნა იქნება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, როგორიცაა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ და ა.შ. ანუ მინიმალური აუცილებელი რეგულაციებით დავიწყებთ, რათა ერთი მხრივ, ეტაპობრივად მდგომარეობა მოვაწესრიგოთ და მეორე მხრივ, სოციალურად ეს არ აისახოს იმ ადამიანებზე, რომელთათვისაც დღეს ტაქსის მძღოლობა ერთადერთი შემოსავალია. ამიტომ ვიმუშავებთ არა ხისტად, არამედ ეტაპობრივად იმისთვის, რომ ეს სექტორი მოვაწესრიგოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ყველა დეტალი დაზუსტებული არ არის ამ ეტაპზე და არსებობს მხოლოდ ძირითადი რეგულაციები. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ექსპერტები და სპეციალისტები საკითხზე მუშაობას აგრძელებენ და დამატებითი საკითხების დაზუსტების შემდეგ უკვე ფართო სამსჯავროზე გამოვა აღნიშნული საკითხი.