ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 113-ე ადგილზეა

გამოცემა Global Finance Magazine-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების 2015 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც დაფუძნებულია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით.

გამოცემამ ქვეყნების რანგირება „მსოფლიო ბანკისა“ და „საერთაშორისო მონეტარული ფონდის“ მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა.

რეიტინგში საქართველო 185 ქვეყანას შორის 113-ე პოზიციაზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ბუტანი, სალვადორი, ბელიზი, ანგოლა, იამაიკა და სხვები. თუმცა უსწრებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს - სომხეთი, უზბეკეთი, მოლდოვა და ყირგიზეთი. საქართველოზე მცირედით წინ არის უკრაინა, რომელიც 109-ე ადგილზეა, თურქმენეთი 77-ე, ბელორუსი და აზერბაიჯანი კი 65-ე და 64-ე პოზიციებზე აღმოჩნდნენ.

ყველაზე მდიდარი ქვეყნების წლევანდელ რეიტინგში, გასული წლის მსგავსად, პირველი კვლავ ყატარია, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 146,011 დოლარია, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 94,167 დოლარი, ხოლო მესამეზე - სინგაპური, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 84,821 დოლარია.

რეიტინგის მიხედვით, 25 უმდიდრეს ქვეყანას შორის 13 ევროპიდანაა, ასევე ჭარბობს ნავთობით მდიდარი ქვეყნები არაბული სამყაროდან.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე