პანამის დოკუმენტების საფუძველზე, აშშ-მა რუსეთს შესაძლოა სანქციები გაუფართოოს

აშშ-მა ე.წ. პანამის დოკუმენტების საფუძველზე, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააფართოოს.

ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

წყაროს ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება შეისწავლის პანამის დოკუმენტებს, რათა მოიპოვოს ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც ეხმარებოდნენ კომპანიებსა თუ კერძო პირებს, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების აცილებაში.

აღნიშნული პირები შესაძლოა, სამომავლოდ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დაწესებულ სასანქციო სიაში მოხვდნენ.

„ბლუმბერგი“ არ გამორიცხავს, რომ უწყება აღნიშნულ სიას ივნისში განაახლებს, როცა ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებს.

პანამის დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა ოფშორების საშუალებით რუსეთიდან სულ მცირე 2 მილიარდი აშშ დოლარი გაიტანეს.

აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს პუტინის ახლო მეგობარი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი.