გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოიწონეს მემორანდუმის პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „მზის ენერგიის კომპანიას“ შორის დაიდო.

ხმალაძის განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტენციალის შესწავლას, კონკრეტულად, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას - შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, მემორანდუმის თანახმად კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

„მზის ენერგიის კომპანია“ „Headwall Power International”-ის წარმომადგენელია საქართველოში. „Headwall Power International“ კი ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით.