მილიონერები საფრანგეთს ტოვებენ

გასულ წელს საფრანგეთი დაახლოებით ათი ათასმა მილიონერმა დატოვა. ასეთია ორგანიზაცია New World Wealth-ის დასკვნა.

ახალი მონაცემების თანახმად, ფრანგების უმრავლესობა საცხოვრებლად აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში გადავიდა.

გასულ წელს პარიზი 7 000-მა მილიონერმა დატოვა, რაც საფრანგეთის დედაქალაქის მილიონერ მაცხოვრებელთა 6%-ს შეადგენს. ამჟამად პარიზში 126 000 მილიონერი ცხოვრობს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა მათგანმა თქვა უარი საფრანგეთის მოქალაქეობაზე, მაგრამ როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მილიონერები სულ უფრო ხშირად ტოვებენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება.

მაგალითად, გასულ წელს ჩინეთი 9 000-მა მილიონერმა დატოვა, რაც ჩინეთში მცხოვრები მილიონერების 1%-ია. ინდოეთი - 4 000-მა, იტალია - 6 000-მა, საბერძნეთი კი 3 000-მა მილიონერმა დატოვა.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ავსტრალიაში საცხოვრებლად 8 000 მილიონერი გადასახლდა, აშშ-ში - 7 000, ისრაელში კი 4 000.

ამასთანავე, გასულ წელს აშშ-ში 4 279-მა ამერიკელმა მოქალაქეობაზე უარი თქვა, რაც 2014 წელთან შედარებით 20%-ით მეტია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მილიონერები სხვა ქვეყანაში გადასახლებას სამშობლოში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო წყვეტენ და არ არის გამორიცხული, სიტუაციის გამოსწორების შემდეგ მშობლიურ მიწას კვლავ დაუბრუნდებიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე