მიხეილ ხოდორკოვსკი რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს დაუბრუნდა

რუსულმა „ფორბსმა“ რუსეთის 200 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის თანახმად, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი „ნოვატეკისა“ და „სიბურის“ მფლობელი ლეონიდ მიხელსონია, რომლის ქონებაც 14,4 მილიარდი დოლარია. მეორე პოზიციაზეა „ ალფა ბანკის“ პრეზიდენტი მიხაილ ფრიდმანი - 13,3 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი „მეგაფონის“ მფლობელი ალიშერ უსმანოვი - 12,5 მილიარდი დოლარით.

რეიტინგში 11 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი, რომლიც რეიტინგში 170-ე პოზიციას იკავებს 500 მილიონი დოლარის ოდენობის ქონებით.

დაპატიმრებამდე, 2003 წელს ხოდორკოვსკი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, რომლის ქონება 15 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

მიხეილ ხოდორკოსვკი რუსეთში ორჯერ გაასამართლეს. „იუკოსის“ ყოფილი თავკაცი 2013 წელს შეწყალების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამჟამად ის ლონდონში ცხოვრობს.