”ექსპო ჯორჯია” მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

საგამოფენო ცენტრი ”ექსპო ჯორჯია” მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიების მხარდამჭერები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ასევე National Tourism Awards არიან.

გამოფენას დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტუმრობდა. მისი თქმით, თბილისი დღეს მასპინძლობს კავკასიის ტურიზმის გამოფენას.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება თბილისში მეთვრამეტედ ტარდება, 8 ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და სულ 68 სტენდია წარმოდგენილი.

”ჩვენთვის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ვიზიტორების რაოდენობა 5 900 000-დან 11 000 000-მდე უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, ყველა ასეთი გამოფენა ჩვენი მიზნის მიღწევას ხელს უწყობს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა და გამოფენის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

”ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის მხარდამჭერი კავკასიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის. 68 უცხოური ტურისტული კომპანიაა. ტურისტული გამოფენები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. მოგეხსენებათ, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა დაახლოებით, 15%-ითაა გაზრდილი. ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ შიდა ტურიზმის თვალსაზრისით გამოფენაზე წარმოდგენილია ფასდაკლებების ფესტივალი, რომლის მომხმარებლები ჩვენი თანამოქალაქეები იქნებიან და შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება შიდა ტურიზმის განვითარებასაც ხელს შეუწყობს”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

გამოფენა დღეს გაიხსნა და 16 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე