საქართველოში მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-ცენტრი აშენდება

უახლოეს მომავალში საქართველოში მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი მსხვილი ტრენინგ-ცენტრი აშენდება , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა განაცხადა, რომელმაც საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, დავით ხუციშვილმა ოფიციალურად გახსნა საერთაშორისო კონფერენცია „კარიერული პერსპექტივები საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიაში“, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირს (IRU) იმისათვის, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ესოდენ მნიშნელოვანი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების ადგილად თბილისი შეარჩია. მისი განცხადებით, ტრანსპორტის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენი ამოცანაა ევროპულ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და კომპანიებისთვის ბაზარზე თავისუფალი დაშვების მუდმივი ხელშეწყობა“, - განაცხადა დავით ხუციშვილმა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებისა და მათი შემდგომი გადამზადების საკითხებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრმა მოიპოვა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის აკრედიტაცია და დღეს გასცემს დიპლომს, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი და სხვა მოწინავე ქვეყნების მიერ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინსტრუქტორებმა წარმატებით გაიარეს 6-თვიანი აკრედიტაციის პროცედურა, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის წესდების შესაბამისად. შედეგად, ქართველი ინსტრუქტორების კვალიფიკაცია გაუტოლდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციას, ხოლო მათ მიერ საქართველოში მომზადებულ ყველა სპეციალისტს საშუალება ექნება დასაქმდეს ევროკავშირის წევრ და სხვა მოწინავე ქვეყნებში.

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით ხუციშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში აშენდება მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი მსხვილი ტრენინგ-ცენტრი, რომელმაც ამიერკავკასიაში რეგიონული ტრენინგ-ცენტრის სტატუსი უნდა შეიძინოს.

მისი თქმით, აღნიშნული ტრენინგ-ცენტრის აშენების შემდგომ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრი გაზრდის მოსამზადებელი სპეციალობების ჩამონათვალს (სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტვირთების დამაგრება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად მართვა და სხვ.).

კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენება გააკეთა IRU-ს აკადემიის ხელმძღვანელმა პატრიკ ფილიპმა.

კონფერენცია საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU) დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 30 ქვეყნის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნესის 140-ზე მეტი წარმომადგენელმა მიიღო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე