სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან რეგულარულ შეხვედრებს გამართავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ბიზნესმენებთან რეგულარულ შეხვედრებს გამართავს.

როგორც დღეს საჯარო შესყიდვების თემაზე გამართულ საჯარო დისკუსიაზე გახდა ცნობილი, სააგენტო შეხვედრებს გამართავს ასევე რეგიონებში მყოფ ბიზნესმენებთან. დღევანდელ შეხვედრას სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნესმენებმა სააგენტოს ხელმძღვანელობას, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პრობლემები გააცნეს, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელობამ მათ სიახლეები გააცნო.

”დღევანდელი შეხვედრა იმ სიახლეების გაცნობას ემსახურება, რაც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოხდა და კიდევ უნდა მოხდეს. ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, USAID-თან ერთად რამდენიმე წელია ვმართავთ შეხვედრებს ბიზნესმენებთან და მათ ყოველ ჯერზე განვუცხადებთ იმ სიახლეების შესახებ, რაც ჩვენს სფეროში ხდება. დღევანდელ დღეს უნდა ვესაუბროთ მათ იმ სიახლეების შესახებ, რაც გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, ჩვენ გვაქვს სასწავლო კურსი სპეციალურად მათთვის, რომელიც აქამდე მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის იყო განკუთვნილი, გვაქვს ასევე სიახლეები შავ და თეთრ სიებთან დაკავშირებით. ასევე უნდა ვისაუბროთ იმ ცვლილებების შესახებ, რა ელექტრონული სისტემის სიახლეები განხორციელდა და სიახლე იქნება შესყიდვის მიმართულებით, ასევე იმაზე, რომ დაწყებულია პროექტი, როცა ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ორ კვირაში ერთხელ შეხვდნენ და პრობლემები პირადად უთხრათ. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით, თუ ეს პრობლემები გამოწვეული იქნება საკანონმდებლო ხარვეზით და ა.შ. ეს შეხვედრები იქნება ტრადიციული, მხოლოდ კაბინეტიდან ან კომპიუტერიდან ვირტუალურად არ დავაკვირდებით, არამედ პირდაპირ, სადაც ფიზიკურად მოხდება იმ პრობლემების განხილვა, რაც მათ აწუხებთ”, - განაცხადა რაზმაძემ.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც დღეს დაიწყო, რეგიონებში ჩასვლასაც ითვალისწინებს.

”შარშან 7 რეგიონი შემოვიარეთ. თვეში ერთხელ რეგიონებშიც ჩავალთ. დღემდე არ ვიცი, რატომ არის გამარტივებული შესყიდვების ყბადაღებული თემა. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და მათი რეკომენდაციების საფუძველზე შარშან იქნა მიღებული ცვლილებები, სადაც კონკრეტულად გაიწერა ყველა გამარტივებული შესყიდვის სახე და ყველაფერი ხორციელდება სრულიად კანონიერად და გამჭვირვალედ. ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს SMP მოდულში შევიდეს, დააკვირდეს, შენიშვა დაწეროს და თავისი კომენტარიც დატოვოს”, - აღნიშნა რაზმაძემ.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილია ბეგიაშვილის განცხადებით, შესყიდვების სააგენტო თავის საქმიანობაში ძალიან წარმატებულია და ცვლილებებს და რეფორმებს ყოველთვის რიტმში მიყვება.

”შესაბამისად, ბიზნესისთვის ამ ცვლილებების დროულად გაგება ძალიან საინტერესოა. ბიზნესი შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობაში ძალიან აქტიურია. მითუმეტეს შესყიდვების სააგენტოს ძალიან კარგი კომუნიკაციის საშუალებები აქვს, რამდენიმე არხი აქვს ამ სიახლეების მიწოდების, და რა თქმა უნდა, ბინზესი დაინტერესებულია, რომ დროულად მიიღოს ესა თუ ის ცვლილება. ეს ცვლილებები ხელოვნურად არ მიიღება, არამედ ბიზნესთან კონსულტაციების მეშვეობით. გარკვეული პერიოდულობით გროვდება პრობლემები, სიახლეები, ბიზნესსაც აქვს გამოწვევები და ეს ძალიან აქტიური ურთიერთობა ბიზნესის და შესყიდვების სააგენტოსი ძალიან მნიშვნელოვანია არა კონკრეტულად სახელმწიფოს კუთხით ან ბიზნესის კუთხით, არამედ მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის”, - აღნიშნა ბეგიაშვილმა.

”ასეთ შეხვედრებში ბიზნეს კომუნიკაციებს შორის სხვადასხვა პრობლემები არის, რომელიც გადის შესყიდვების სააგენტოს მიმართულებით, სხვათა შორის, ბიზნესიც აქტიურად ეხმიანება მსგავსი ტიპის შეხვედრებს და სააგენტოც ფერხულს მიყვება. სიახლეებს რა თქმა უნდა, ველოდოთ”, - აღნიშნა ბეგიაშვილმა.

როგორც ბინზეს ასოციაციის ანალიტიკოსმა ნიკა ნანუაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, ბიზნესი სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს.

”შესყიდვების სააგენტო წარმოადგენს იმ დაგეგმილ სიახლეებს, რაც ხორციელდება ერთიანი ელექტრონული სისტემის შესყიდვების სიტემაში. ამ მიმართულებით დიდი ხანია ჩვენ შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, რადგან მიმწოდებლების ანუ ბიზნესის მხრიდან დავანახოთ ის შესაძლო გაუმჯობესების რესურსი და პერსპექტივები, რაც შეიძლება ჰქონდეს სისტემას ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ის შესაძლო ხარვეზები თუ პრობლემები, რაც ხელს უშლის სისტემას, კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის. მთავარია, რომ შესყიდვების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან, ჩვენ მუდმივად ვცვლით ინფორმაციებს და შეხედულებებს სისტემაში არსებული პოტენციური გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს”, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

USAID-ის პროექტ მმართველობა განვითარებისთვის ადვოკატირებისა და ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის ხელმძღვანელის, მაია ერისთავის განმარტებით, 2015 წლის სექტემბერში პროექტ მმართველობა განვითარებისთვის ინიციატივით შედგა და ხელი მოეწერა მემორანდუმს ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების მიერ.

”პროექტში გაერთიანებულია 48 ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია და მათი საქმიანობის ფარგლებში იდენტიფიცირებულია რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი და ისინი აქტიურად თანამშრომლობენ მთავრობასთან. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ მათ მიერ დასმულ პრიორიტეტულ საქმიანობას ეხება და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. დღევანდელი შეხვედრა შედგება დიალოგი, სადაც განხილული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ერისთავმა.