თბილისის მერია თანამშრომლებს მოუწოდებს, დაკავებულ თანამდებობებს ბოროტად ნუ გამოიყენებენ

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი გვენეტაძე.

”გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას.

მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გიორგი გვენეტაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით, 300 ლარის გადახდა დაუწესა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებისას გიორგი გვენეტაძე გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დაჯახება/დაზიანებას შეეცადა, რაც თავიდან იქნა აცილებული, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.