როგორ ვმართოთ საკუთარი ბიუჯეტი ეფექტურად? - რჩევები მათ, ვისაც ფულის დაზოგვა სურს

საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ფინანსური პრობლემები აქვს. სერიოზული თუ არა, მცირედი მაინც. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2014 წლის ოფიციალური მონაცემებით, 12.4%-ია. ამასთან, თითქმის ყოველ მეორე ადამიანს, ბანკიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხი აქვს აღებული, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ფარავს.

რა უნდა გავაკეთოთ და რა უნარ-ჩვევებია საჭირო იმისათვის, რომ ვალი თავიდან ავირიდოთ, ფული დავზოგოთ და საკუთარი ბიუჯეტის ეფექტურად მართვა შევძლოთ.

ამის შესახებ ALLNEWS.GE-ს გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის წარმომადგენელი, სალომე მოისწრაფიშვილი ესაუბრა:

"ფულის დაზოგვა ეს არის ჩვევა, რომელიც სასურველია გამოვიმუშაოთ ბავშვობიდანვე. დავიწყოთ ყულაბაში ხურდა ფულის შეგროვება, საბავშვო ანაბარზე თანხის განთავსება და ა.შ. თავისთავად, შეგვიძლია ფული კონკრეტული მიზნის გარეშეც დავზოგოთ, თუმცა, უფრო მარტივია დავისახოთ მიზანი, მაგალითად, შვილის სწავლა-განათლებისთვის, ან საყოფაცხოვრებო ნივთის შესაძენად და შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად დავიწყოთ დაგროვება.

ბავშვებისთვისაც მარტივი გასაგები იქნება, თუკი პატარაობიდანვე ავუხსნით, რომ სასურველი ნივთის შესაძენად საჭიროა თანხა და ამ ნივთისთვის მან პერიოდულად ყულაბაში ხურდა ფული უნდა ჩაყაროს. ფულის დასაზოგად აუცილებელია სწორი დაგეგმვა, შემოსავლისა და ხარჯების სისტემატიური აღრიცხვა. ეს ყველაფერი ფინანსური განათლების ნაწილია და უკავშირდება ზოგადად ფულთან ურთიერთობას".

- რა რჩევებს მისცემთ ადამიანს იმისათვის, რომ მან ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა ისწავლოს?

- ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა, მოგცემთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის სურათს. ზუსტად გეცოდინებათ, რამდენი გაქვთ შემოსავალი და შესაბამისად, გეცოდინებათ რამდენის დახარჯვის უფლება შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს.

ჭარბვალიანობა (როდესაც აღებული გვაქვს ერთდროულად იმაზე მეტი სესხი, ვიდრე შეგვიძლია დავფაროთ) სერიოზული პრობლემაა ბევრ ქვეყანაში და საკუთარი ფინანსური რესურსების არასწორად განკარგვის შედეგიცაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი გვაქვს შემოსავალი და ხარჯი, რათა არ ავიღოთ იმაზე მეტი ფინანსური ვალდებულება, რის გასტუმრებასაც ვერ შევძლებთ. სასურველია, ყოველთვიურად ჩავინიშნოთ შემოსავალი, გამოვაკლოთ მას ხარჯები (ყოველთვიური ხარჯი და გაუთვალისწინებელი ხარჯი) და ვიცოდეთ, რა თანხა არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი.

ასეთი აღრიცხვის შედეგად გვეცოდინება, გვაქვს თუ არა სესხის აღების საშუალება, ან შეგვიძლია თუ არა ეს თანხა დავზოგოთ რაიმე ვადით. ბიუჯეტის დაგეგმვა ასევე დაგვეხმარება წინასწარ გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ სამომავლო ხარჯებისთვის (მაგ. დაბადების დღე ან მეგობრის ქორწილი).

- რა არის ყველაზე ეფექტური ხერხი ფულის შენახვისთვის? (ანაბარი, ინვესტიცია, და სხვა)

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია ფულის შენახვის ჩვევა. ამ ჩვევის გამომუშავების შემდეგ შეგვიძლია სხვადასხვა ხერხი ავირჩიოთ ფულის შესანახად. სასურველია, რომ თანხა ანაბარზე გვქონდეს განთავსებული. ასეთ შემთხვევაში, ფული დაცულია და მას სარგებელიც ერიცხება. არსებობს სხვადასხვა სახის ანაბარი. შეგვიძლია თანხა პერიოდულად დავაგროვოთ, ან ერთიანად განვათავსოთ ანაბარზე. შეიძლება შეგროვებული თანხის ინვესტირებაც, თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ავწონ-დავწონოთ ამ ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა რისკი. შეგვიძლია დავაგროვოთ ყულაბაში, შეგვიძლია დავაგროვოთ თანხა "52 კვირის პრინციპით", რაც გულისხმობს თანხის დაგროვებას კვირის რიგითი ნომრის მიხედვით. შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ნომინალები დავაგროვოთ, მაგალითად, მხოლოდ 1-ლარიანი მონეტები, ან მხოლოდ 5-ლარიანი ბანკნოტები.

განაგრძეთ კითხვა

თამთა ჯიჯავაძე