საქსტატი - იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა 7%-ით შემცირდა

წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 7%-ით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის იანვარი-მარტის წინასწარ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2145 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 %-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1703 მლნ აშშ დოლარს (5 %-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1260 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 111 მლნ აშშ დოლარი იყო (35 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 601 მლნ აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 33 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25 პროცენტი და იმპორტში 35 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 28, 34 და 26 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 39 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში 23 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში 574 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 129 მლნ აშშ დოლარი (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 445 მლნ აშშ დოლარი იყო (11 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 27 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 29, 35 და 28 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში ასევე 25 პროცენტი).

2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია - თურქეთი (342 მლნ აშშ დოლარი), ირლანდია (210 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (185 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (169 მლნ აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 84 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მარტში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 260 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 124 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 99 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე