რა სანქციები დაეკისრება მოქალაქეს ბზის მოჭრისთვის

,,ნუ მოჭრი ბზას” კამპანია დაიწყო. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს ბზის მოჭრაზე კონტროლს და სამართალდამრღვევზე კანონით დადგენილი სანქციები ვრცელდება.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ბზა, შესაძლებელია, მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.

აპრილის თვიდან, ეროვნული სატყეო სააგენტო იწყებს დაზიანებული ფართობების დამუშავებას ბიოლოგიური პრეპარატით. დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 400 ჰა ფართობი სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. გარდა ბრძოლის ღონისძიებისა დაგეგმილია ბზის აღდგენის ღონისძიებებიც.

ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი უწყება: დაცული ტერიტორიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ შესაბამისი ორგანოები.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე