მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურმა პირველ კვარტალში 485 493 ლარის დაფინანსება გასცა

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პირველ კვარტალში 485 493 ლარის დაფინანსება გასცა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მოქალაქეებისთვის აუცილებელი სხვადასხვა მოთხოვნის დასაფინანსებლად, „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, 2016 წლის პირველ კვარტალში 3 864 135 ლარი გასცა. აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 3 491 195 ლარი გაიცა, ხოლო საზღვარგარეთ - 372 940 ლარი.

”ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის კომისიამ შემოსული 8 127 განაცხადიდან 8 049 მოთხოვნა ნაწილობრივ ან სრულად დააფინანსა. აქედან, 61 განაცხადი საზღვარგარეთის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ეხება, საიდანაც 50 დაკმაყოფილდა”, - განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კლასის მიხედვით, მოთხოვნებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებზე მოდის და 2 614 შეადგინა, აქედან ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა - 2 611 და ბიუჯეტიდან 826 435 ლარი გაიცა, შემდეგ ადგილზეა ავთვისებიანი სიმსივნეები - 1 220, აქედან 1 210 შემთხვევა ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა და 1 104 551 ლარი გაიცა, მესამე ადგილზეა ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები - 696 მოთხოვნა, ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა 692 განაცხადი და 410 689 ლარი გაიცა.

მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიაზე განხილული მოთხოვნებიდან ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა: 1 975 ოპერაციიდან - 1 932, მედიკამენტებზე 3 815 მოთხოვნიდან - 3 808, ამბულატორიულ მომსახურებაზე - 1129-დან - 1 121, სხივურ თერაპიაზე - 109 მოთხოვნიდან - 109.