Check In Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეისყიდეს

Check In Georgia -ს ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთების შეძენისას 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან დაფიქსირდა. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან. (გერმანია, აზერბაიჯანი, ამერიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა..)

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან მასშტაბური პროექტი Check in Georgia იწყება.

პროექტის ფარგლებში პირველი დიდი ღონისძიება 24 აპრილს არის დაგეგმილი; ქართველი მსმენელის წინაშე ეროს რამაზოტი წარდგება. ეროს რამაზოტის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 7 აპრილიდან დაიწყო. ამ დროისათვის, გაყიდულია 5000-მდე ბილეთი. რაც შეეხება, მეორე მასშტაბურ კონცერტს - მსოფლიო ვარსკვლავის, რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყო და ამ დროის მონაცემებით უკვე გაყიდულია 31 000-მდე ბილეთი. რობი უილიამსი ქართველი მსმენელის წინაშე 27 მაისს, დინამო არენაზე წარდგება.

”აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეძენისას დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან, ბილეთების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან. (გერმანია, აზერბაიჯანი, ამერიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა..).

Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.