რა სახის დარღვევები გვხვდება საქართველოს სამშენებლო სექტორში

საქართველოში მიმდინარე მშენებლობების ხარისხი ბევრჯერ გამხდარა კრიტიკის საგანი. უკონტროლობა და განუკითხაობა - ამ სიტყვებით ახასიათებენ სამშენებლო სექტორში შექმნილ სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის არის ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“. აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე უკვე წლებია ლაპარაკობს მშენებლობაში არსებულ დარღვევებზე:

ანზორ საკანდელიძე - საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, თუ ვინ ააშენა უხარისხო და სეისმომედეგობის თვალსაზრისით უაღრესად საშიში შენობები. არც იმაზეა ვინმე პასუხისმგებელი, რომ ეს შენობები არ არის შემოწმებული სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების მხრივ. მსგავსი რამ მსოფლიოში არ ხდება. წარმოუდგენელია, ადამიანი საცხოვრებლად შეუშვა ისეთ კორპუსში, სადაც არ არის შემოწმებული რადიაციული ფონი და ტოქსიკური მონაცემები. ამ ყველაფერს მშენებლობის სამინისტრო აკონტროლებდა, რომელიც გააუქმეს და დღეს ამ დარგში სრული განუკითხაობაა. უკვე რამდენი წელია ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ცალკე პრობლემაა ავარიულად საშიში შენობები, რომელზეც მიშენება, დაშენება, მათი რეკონსტრუქცია და გამაგრება, დაუშვებელია, არადა, ამ საქმისთვის მერია ყოველწლიურად მილიონებს გამოყოფს. ეს წყალში გადაყრილი ფულია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მშენებლობის ნორმები და სტანდარტები არ არსებობს, ამიტომ რა ნორმებს და სტანდარტებს ვიყენებთ, ესეც გაურკვეველია“, - აცხადებს საკანდელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ჩვენთან მიმდინარე მშენებლობების უხარისხობა პირველ რიგში ფალსიფიცირებული საშენი მასალების ბრალია.

- ათი წლის განმავლობაში მთელი თბილისი შენდებოდა ბეტონით, რომლის მარკაც 300 კი არა, 150 და უფრო ნაკლებია. საბჭოთა კავშირში თუ სადმე ფალსიფიცირებული და კოროზირებული არმატურა იყო, რომელსაც ვერ ყიდდნენ, ყველაფერი საქართველოში შემოვიდა. სხვათა შორის, ამ საქმეს გივი თარგამაძე და მისი ძმა ლობირებდნენ. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ მკვდარი ქალაქებიდან შემოიტანეს უვარგისი მასალები, კერძოდ, რადიაციული არმატურა და ლითონის ნაკეთობები. დარღვევები სხვა მიმართულებითაც გვხვდება: 5-სართულიანის ნაცვლად 10-12 სართულიანი კორპუსები შენდება, ხოლო ზაქარიაძის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმოყოფოს ეზოში 32-სართულიან შენობებს აშენებენ, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ეს არის კარკასული ტიპის შენობები, რომელიც 12 სართულზე მეტი არ უნდა იყოს. საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ჩვენთან ასეთი „სიკვდილის შენობების“ აშენება დაუშვებელია. ვიღაცას ხომ უნდა მოვთხოვოთ ამის გამო პასუხი?

ამ პრობლემების განსახილველად რამდენიმე სამშენებლო კომპანიას მივმართეთ. მათი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კონტროლი უნდა არსებობდეს, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული. „ჩვენი აშენებული კორპუსების შემოწმება უმეტესწილად რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს“, - გვითხრა კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ კომერციულმა დირექტორმა თამარ გაფრინდაშვილმა:

თამარ გაფრინდაშვილი - ჩვენი კომპანია სულ სამი წელია, რაც ამ ბაზარზე საქმიანობს და ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მშენებლობის მიღწევებს. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მშენებლობის სტანდარტები დავიცვათ, არამედ სამშენებლო მასალების ხარისხიც. ამისათვის მშენებლობის მაქსიმალურ კონტროლს მივმართავთ. კომპანიის სახელი „სალვუსიც“ უსაფრთხოს ნიშნავს. ამ სახელიდანაც ჩანს, რომ ჩვენი მიზანი ხარისხიანი პროდუქტის შექმნა და მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ და რასაც ვიყენებთ, იქნება ეს არმატურა, ბეტონი თუ სხვა სამშენებლო მასალები, ყველაფერს თავისი სერტიფიკატი მოჰყვება. მერე იგზავნება ლაბორატორიებში და იქიდანაც მოდის შესაბამისი დასკვნა. საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზასაც მივმართავთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ის მასალები, რომლებიც ჩვენამდე მოდის, მრავალჯერ იყოს გადამოწმებული. ჩვენი აშენებული კორპუსებიც რელიეფთან და ლანდშაფტთან შესაბამისობაშია და ტექნოლოგიაც ევროსტანდარტების შესაბამისია. ვთანამშრომლობთ გერმანულ კომპანიებთან, რომლებიც ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. შეიძლება ითქვას, რომ ხარისხი არის ის თემა, რომლითაც დღეს ჩვენი კომპანია ამაყობს.

ვინ აშენებს უხარისხოდ? - ამ შეკითხვაზე სამშენებლო კომპანია „ნიუ დიღომი კორპ“-ის პროექტის მენეჯერმა გიორგი თვარაძემ გვითხრა:

- ჩვენ კი ვიცით ვინ აშენებს ცუდად, მაგრამ ამას თუნდაც კოლეგიალობის გამო ვერ ვიტყვით. რა თქმა უნდა, თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც არის უხარისხოდ ნაშენები კორპუსები, მაგრამ არის ხარისხიანიც და არჩევანი ფართოა, რომ ადამიანი არ მოტყუვდეს. ეს ყველაფერი ფასებთან არის დაკავშირებული. ხარისხიანი მასალების შეძენა დამატებითი ხარჯია, ვიღაცებს შეუძლიათ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ეკონომია გააკეთონ და ამიტომაც შენდება უხარისხო შენობები. მეც მიმაჩნია, რომ რაღაც ორგანო უნდა არსებობდეს, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს. ახლა ძირითადად შიდა კონტროლი ხორციელდება ანუ ახლად აგებული შენობის ხარისხს თვითონ კომპანია აკონტროლებს.

„ქართველ მშენებლებს თავისუფლად შეუძლიათ თანამედროვე, 9-ბალიან სეისმომედგობაზე გათვლილი შენობების აგება. ევროკოდზე რომ გადავალთ, მერე უფრო გამკაცრდება მშენებლობის სტანდარტები. აი, მაშინ უკვე ადვილი იქნება გარჩევა, ვინ აშენებს საქართველოში ცუდად და ვინ - კარგად“, - აღნიშნა კომპანია „ნიუ დიღმის“ წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრის დროს.

უძრავი ქონების ექსპერტ შოთა გუჯაბიძის აზრით, არ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველა კომპანია ცუდად აშენებს:

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ზუსტი პარამეტრების დაცვით არ შენდება, მაგრამ ის, რომ 300 მარკის ბეტონის ნაცვლად 120, ან 150-იანი მარკის ბეტონს იყენებენ, თითიდან გამოწოვილი ამბავია. დაახლოებით 10-12 წლის წინ, როდესაც პირველად ატყდა მშენებლობის ხარისხზე ეს ბუმი, ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და 100-მდე ობიექტი შევისწავლეთ. მხოლოდ ერთი, თუ ორი ცდომილება გამოვლინდა. ერთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი შენობის სვეტი იყო ნაკლები ხარისხის მარკის ბეტონით აშენებული. არც ერთი ნორმალური მშენებელი არ აიღებს თავის თავზე იმას, რომ უხარისხო ბეტონით ააშენოს, ამას არც ბეტონის მწარმოებელი დაუშვებს. მით უმეტეს, ფასებშიც არ არის დიდი სხვაობა, რომ ამაზე წასვლა ღირდეს. რაც შეეხება არმატურას, ქართული არმატურის ხარისხი თანდათან უმჯობესდება, თუ 10 წლის წინ მისი გამოყენება მართლა არ შეიძლებოდა, ახლა ასე არ არის. ჩემი აზრით, სტანდარტების დარღვევა ბევრ სხვა რამეს გულისხმობს გარდა კონკრეტულად მასალის უხარისხობისა: სტანდარტების დარღვევაა ის, რომ არ არის სახანძრო კიბე, ევაკუაციის გეგმა, სტანდარტების დარღვევაა ისიც, რომ თუ სართულებს შორის მანძილი უნდა იყოს 3,20 მ., აკეთებენ 2,80-2,90 მ-ს, რითაც ერთ სართულს იგებენ, რომ მოგება მიიღონ. პრობლემები არის თუნდაც განაშენიანების მხრივ, მშენებლობის ნებართვების გაცემის მხრივ, პროექტების არასრულყოფილების მხრივ. სართულების დამატებაც ხდება, რასაც ვერავინ უარყოფს. რა თქმა უნდა, არის დარღვევები, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერს მხოლოდ უარყოფითი მხრიდან შევხედოთ და ვთქვათ, რომ ჩვენთან ყველა ცუდად აშენებს. საბოლოო დასკვნა კი ასეთია: სამშენებლო სექტორს კონტროლი მართლაც სჭირდება, უნდა არსებობდეს იურიდიული პირი, რომელიც მშენებლობის ხარისხს ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასებს. მერიის ფარგლებშიც შეიძლება შეიქმნას დახვეწილი აპარატი, რომელიც ამ ყველაფერს შეამოწმებს და ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.

ხათუნა ჩიგოგიძე