„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია

„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. „საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „საქართველოს რკინიგზამ“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდა ქართულ სპორტს. შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რკინიგზა გახდეს ეროვნული ნაკრების სპონსორი და ასევე ასაკობრივი ნაკრებების სპონსორიც.

„დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და გავახარებთ ქართველ გულშემატკივრებს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კალათბურთს გვერდში უდგას ისეთი ეროვნული კომპანია, როგორიც „საქართველოს რკინიგზაა“, რომელიც პირველი წელი არ არის, რაც კალათბურთთან თანამშრომლობს, თუმცა ეს არის პირველი თანამშრომლობა უშუალოდ ფედერაციასთან.

ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც. მან ქართველი კალათბურთელების წარმატებებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღეს გაფორმებული ხელშეკრულება.

მემორანდუმის თანახმად, ფინანსური მხარდაჭერა გაწეული იქნება საქართველოს კალათბურთის სუპერლიგის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. გარდა ეროვნული ნაკრებისა, მხარდაჭერა გავრცელდება სამ ასაკობრივ - 16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებზე.

შეგახსენებთ ასევე, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბ „ლოკომოტივისა“ და წყალბურთის კლუბ „ლოკომოტივის“ გენერალური სპონსორიც.