დავით ნარმანია - ბაზრობების ადმინისტრაციები მზად არიან, გარემოვაჭრეებს ფართი წლის ბოლომდე უფასოდ დაუთმონ

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბაზრობების ადმინისტრაციები მზად არიან, გარემოვაჭრეებს ფართი წლის ბოლომდე უფასოდ დაუთმონ.

ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს გარემოვაჭრეებისა და მოვაჭრეების დაპირისპირების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ეს შეთავაზება ბაზრობების ადმინისტრაციების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„თვითონ ბაზრობების ადმინისტრაციის მხრიდან არის მზაობა, რომ ეს ადამიანები წლის ბოლომდე შეიყვანონ უფასოდ, რომ არ მოუწიოთ დამატებითი ფინანსური ვალდებულების აღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია, რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტი იქნეს გათვალისწინებული. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. საკვები პროდუქტებით გარეთ ვაჭრობა არის დაუშვებელი“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.

„ჩვენ კარგად გვესმის ამ ადამიანების გაჭირვება. ისინი გარეთ არ ივაჭრებდნენ. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამით ხელი ეშლებათ იმ ადამიანებს, ვინც ცივილური ფორმით ახორციელებს ვაჭრობას, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ სწორი კომუნიკაციის და კოორდინაციის გზით ეს ადამიანები დროთა განმავლობაში უფრო ცივილიზებული ფორმით ვაჭრობაზე გადავიყვანოთ. სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი და კომუნიკაცია იმ ორგანიზატორებთან, რომლებიც ახორციელებენ ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზაციას, დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით ამ საკითხს მოვაგვარებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.