საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, სასტუმრო ”რუმსში” პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია - გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ჩქაროსნული გზის - E 60 ავტომაგისტრალის ევროპული სტანდარტებთან ჰარმონიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.

მათივე თქმით, მისი მიზანია გზის მომხმარებლის ჩართულობით, საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა. კერძოდ: E-60 თბილისი-ფოთის მაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება; სიჩქარის გადაჭარბების, არასწორი მანევრირების, უყურადღებოდ მართვის, მანქანის გადაღლილ და ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევების შემცირება; მაგისტრალზე დასახლებულ ადგილებსა და ავტობუსის გაჩერებებთან, ასევე მიმდებარედ მცხოვრები ქვეითებისათვის უსაფრთხო გადაადგილების მიღწევა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრეინინგებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 მძღოლი (სატრანზიტო გადამზიდავები, საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტოტრანსპორტის მძღოლები) და მაგისტრალის მიმდებარე დასახლებებში არსებული სკოლების 1300 მოსწავლე; საინფორმაციო მასალები დაურიგდება დაახლოებით 40 000 ადამიანს (მძღოლი, მგზავრი); შესაბამისი ინფორმაცია ფართო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების საშუალებით.

E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას, „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ახორციელებს.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.