„თელასმა“ 2016 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია „თელასმა“ 2016 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 წლის პირველ კვარტალში „თელასმა“ 719 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,3% (61 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (658 მილიონი კვტ/სთ).

მათივე განმარტებით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალ მომხმარებელთა რაოდენობის 3,4% (18,4 ათასით) ზრდამ გამოიწვია.

”2016 წლის იანვარ-მარტში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10,4%-ით (64,6 მილიონი კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 685 მილიონი კვტ/სთ შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 874 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (220 კმ-ით) აღემატება 2015 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (4 654 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა”, - აცხადებენ ”თელასში”.