კომპანია „მეტროს“ მენეჯერი - კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, კლიენტი მოდის ჩვენთან, რადგან კომფორტული ავტობუსები გვყავს

კომპანია „მეტროს“ თბილისის მენეჯერი ირაკლი სირაძის განცხადებით, მათი კომპანია ქმნის კომფორტული მგზავრობის საშუალებას, შესაბამისად, მგზავრები ირჩევენ კომფორტს.

როგორც ირაკლი სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სხვა სატრანსპორტო კომპანიების მძღოლების მოთხოვნები მისთვის გაუგებარია და მიდგომა, რომ აიკრძალოს კომპანია „მეტროს“ საქართველოში მუშაობა, არასამართლიანია.

„ჩვენი ფასები არის ბაზრის შესაბამისი, თუმცა გვაქვს აქციები ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ფასები არის იმის შესაბამისი, რომ მოხდეს მძღოლის ხელფასის და ხარჯების გადახდა. ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ხალხს კომფორტს ვუქმნით. ის, რომ დაგვიშალონ მუშაობა, არასამართლიანია. კლიენტი მოდის ჩვენთან, რადგან კომფორტული ავტობუსები გვყავს“, - განაცხადა კომპანია „მეტროს“ თბილისის ოფისის მენეჯერმა ირაკლი სირაძემ.

კომპანია „მეტროს“ ოფისთან, ორთაჭალის სადგურზე სხვა სატრანსპორტო კომპანიების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მძღოლები მოითხოვენ, შეუწყდეს კომპანია ”მეტროს” საქართველოს ბაზარზე ოპერირების უფლება.