ეგვიპტის ტურიზმის შემოსავალი 66%-ით შემცირდა

2016 წლის პირველ კვარტალში ეგვიპტის ტურიზმის შემოსვალმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდი დოლარი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერთან“ საუბრისას ეგვიპტის ტურიზმის მინისტრის მრჩეველმა ადლა რაგაბმა განაცხადა, პირველ კვარტალში ეგვიპტეში 1,2 მილიონ ტურისტი ჩავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ტურისტების რაოდენობამ 2,2 მილიონი შეადგინა.

ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ტურიზმზე უარყოფითად აისახა შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, ასევე გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ავიაკატასტროფა, რომლის დროსაც რუსული თვითმფრინავი „ეარბას 321“ სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. თვითმფრინავი საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხიდან პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ყველა - 224 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე