2007-2015 წლებში ქვეყნის მასშტაბით, საწარმოო ტრავმებისგან 356 დასაქმებული დაიღუპა

საქართველოს პროფკავშირმა სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რეალური ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ, რომელმაც უნდა გააკონტროლოს შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვის და შრომის სამართლიანი პირობების შესრულება დამსაქმებელთა მხრიდან.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან სტატისტიკაც წარმოადგინეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა. საუბარია სამუშაო ადგილზე ასობით დაღუპულზე და მძიმედ დაშავებულ პირებზე.

პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შს სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2015 წლებში ქვეყნის მასშტაბით, საწარმოო ტრავმებისგან 356 დასაქმებული დაიღუპა და 642 მძიმედ დაშავდა, ხოლო 2015 წელს გარდაიცვალა 42 და მძიმედ დაშავდა 80 ადამიანი.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს სრულ სურათს, რადგან საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია.

აქციის მონაწილე პროფკავშირები საქართველოს მთავრობას და პარლამენტს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ. კერძოდ, 8 საათიან გარანტირებულ სამუშაო დღეს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების დისკრიმინაციული წესის შეცვლას, დასაქმებული ქალების შრომითი უფლებების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების დასაქმებას და მათი შრომითი უფლებების დაცვას, უმუშევართა შემწეობის დაწესებას, საწარმოო უბედური შემთხვევების დაზღვევის შესახებ კანონს და პროფკავშირის აქტივისტების დევნის შეწყვეტას.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე