საია და ”ტფილისის ჰამქარი” თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საია და ”ტფილისის ჰამქარი” მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება თბილისის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კორექტირების შესახებ, მიღებული იქნა გაუმჭვირვალედ და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე.

სია და ”ტფილისის ჰამქარი” თბილისი ბოტანიკური ბაღთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მსგავსი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

”თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია ასევე, რომ:

- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე თბილისის ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამდენად, ბაღი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც კანონით არის დადგენილი;

- მიუხედავად თბილისის მერიის განცხადებისა, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად, თბილისის მერიას არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ე.წ. დაკორექტირებული ტერიტორია არ განეკუთვნებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილს. შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საზღვრების კორექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში განხორციელდა;

- თბილისის ბოტანიკური ბაღის სტატუსის გათვალისწინებით, უცნობია ბაღის საკუთრებაში არსებული ფართის კორექტირების დროს ინფორმირებული იყო თუ არა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული ორი ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლო მონაწილეობის გარეშე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს”, -ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების ინფორმაციით, ისინი კვლავაც მიადევნებენ თვალს თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.