შემოსავლების სამსახურმა ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ ოქროს საიუველირო ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ა.-ს ეჭვის საფუძველზე კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ხელბარგსა და სხეულზე აღმოაჩნდა საერთო წონით 219,08 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13679,77 ლარი.

ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა 11331,13 ლარის ღირებულების 87,21 გრამი ოქროს ნაკეთობები.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 13679,77 ლარისა და 11331,13 ლარის ოდენობით.

ეჭვის საფუძველზე მეტალოდეტექტორით და სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ა.-ს მებაჟე ოფიცრებმა 378,88 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 24539,5 ლარი.

ამავე მეთოდით შეამოწმეს და საერთო წონით 386,76 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.მ.-ს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 30059,88 ლარი.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.