თბილისის მერიის განმარტებით, ”ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის დასწრება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს

თბილისის მერია საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების გაფართოებულ სხდომაზე ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, კარლო ლაფერაძის გამოუცხადებლობის მიზეზს განმარტავს.

როგორც დედაქალაქის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ”მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა ღია და მკაფიო პოზიცია ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირების აქტიური მცდელობის გათვალისწინებით, მერიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია სხდომაზე დასწრება”.

”მიმდინარე წლის 26 აპრილს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, კარლო ლაფერაძეს წერილით მიმართეს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ და საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრების თხოვნით.

წერილში აღნიშნულია, რომ 28 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილებოდა ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით საკადასტრო ერთეულში განხორციელებული უახლესი ცვლილებები.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა ღია და მკაფიო პოზიცია. უწყების წარმომადგენლებმა თემა განიხილეს სხვადასხვა ტელეეთერებში და ამომწურავი პასუხები გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირების აქტიური მცდელობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ გაერთიანებულ სხდომაზე დასწრება”, - ნათქვამია განცხადებაში.

კარლო ლაფერაძეს დღეს საკრებულოში, ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე ელოდებოდნენ, თუმცა ის არ მივიდა.