წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსატანად თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოები ერთი დღით შეჩერდება

წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსატანად თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოები ერთი დღით შეჩერდება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, კომპანია “პილიგრიმ ტურსი“ განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში 30 მაისს, 23:00 საათამდე წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ.

„80 კაციანი ჯგუფი გაემგზავრა საქართველოდან, რომელიც ცეცხლის გადმოსვლას დაესწრება, რის შემდეგაც ჩარტერული რეისი გამოემგზავრება საქართველოში. წელს გვქონდა გარკვეული პრობლემა. თბილისის აეროპორტი არის რემონტში და მხოლოდ ღამის საათებში მუშაობს. ასე რომ, ჩარტერული რეისის განხორციელება ვერ ხერხდებოდა ან თუ მოხერხდებოდა, წმინდა ცეცხლს კვირას, დილით ჩამოიტანდნენ. ამიტომ, თხოვნით მივმართეთ მთავრობას. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქმის კურსში იყვნენ. საქართველოს მთავრობის მართლა ქმედითი დახმარებით მოხერხდა ის, რომ აეროპორტში სპეციალურად ამ რეისისთვის ერთი დღით შეჩერდება სარემონტო სამუშაოები, რათა ეს რეისი დაჯდეს საქართველოში და წმინდა ცეცხლი აღდგომის ლიტანიობისთვის ჩამოვიდეს. ასე რომ, მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი არის რემონტში, რომელსაც ღამე აგებენ. 12 საათი კი მის გაშრობას სჭირდება, რომ შემდეგ თვითმფრინავები მიიღონ.