როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება

უკანასკნელ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებამ შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტის გაიაფება, ექსპორტის გაძვირება.

რაც შეეხება ლარის კურსის უახლოესი მომავლის პროგნოზს, როგორც კობა გვენეტაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არცერთი ცენტრალური ბანკი, სადაც მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს.

”ჩვენ ვაკვირდებით ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა გაცვლით კურსზე. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ თუ რამე მნიშვნელოვანი შოკები არ მოხდა, ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან დიდ ცვლილებებს არ ველოდებით”, - განაცხადა გვენეტაძემ.

როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარების ტენდენცია და რა ნიშნულზე შეიძლება ჩამოვიდეს ეროვნული ვალუტის კურსი? - ამის პროგნოზირება ექსპერტებსაც უჭირთ, თუმცა მათი ნაწილი აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი კვლავ გამყარდება.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, სეზონური გამყარება იქნება.

,,ლარის კურსის გამყარებისა თუ გაუფასურების გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში საერთო მოხმარება შემცირებულია. თუ არ დავხარჯავთ ფულს და ლარი დარჩება გამყარებული, ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება. არჩევნების შემდეგ კი უფრო რთული პრობლემების წინაშე დავდგებით, ვიდრე ახლა ვართ”, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

,,ყველა სავალუტო ჯიხურზე ლარის გამყარება-გაუფასურებას უყურებს, ეს პროცესი ერთგვარი ინდიკატორია, მანიშნებელია იმისა, თუ რა შეიძლება ვიფიქროთ ქვეყნის ეკონომიკაზე. რამდენად ვახერხებთ ჩვენ ეკონომიკური ზრდის მიღწევას. ლარის კურსის გამყარების მიუხედავად, დღეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. მოხმარება და იმპორტის რაოდენობა შემცირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში კარგი არაფერი არ ხდება”, -აცხადებს ეკონომისტი აკაკი ცომაია.

მოკლევადიან პერიოდში ლარის მომავალ გამყარებას პროგნოზირებს ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძეც. ექსპერტი ამ პროცესებს აღდგომის დღესასწაულს უკავშირებს.

,,უახლოეს დღეებში ლარი კიდევ გამყარდება. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზებს. ცალსახად საუბარი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ზოგადად, მაისი არ არის გამორჩეული თვე, თუმცა კონცერტებია დაგეგმილი, რაც ტურისტების რაოდენობას გაზრდის. რომ დავაკვირდეთ პროცესებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და რუსეთში შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან ექსპორტი გაიზრდება. ტენდენციები გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება”, - აღნიშნავს ბესო ნამჩავაძე.

თუმცა, ეკონომისტი ფიქრობს, რომ ლარი 2-იან ნიშნულს ზაფხულშიც ვერ ჩამოსცდება.

,,ლარის ასე სწრაფად გამყარება კარგი არ არის და ეროვნული ბანკი არ მისცემს და არც უნდა მისცეს მას სწრაფი გამყარების საშუალება, რათა უცებ ექსპორტი არ შემცირდეს და იმპორტი არ გაიზარდოს. მთავარი და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ბანკი ვალუტის გამყარებას ხელს შეუშლის, არის ის, რომ ეს იქნება სწრაფი, მნიშვნელოვანი გამყარება, მაგრამ დროებითი პროცესი”, - აღნიშნავს ნამჩავაძე.

ლარის გამყარების დადებით ტენდენციებზე საუბრისას ექსპერტები, პირველ რიგში, დოლარში აღებული საბანკო სესხების გაიაფებას ასახელებენ.

„ლარის გამყარება-გაუფასურებას მოგებული და წაგებული მხარეები ყოველთვის ყავს. ეს პროცესი ერთის მხრივ კარგია მთავრობისთვისაც, რადგან საგარეო ვალის გადასახდელად შედარებით ნაკლები დანახარჯის გაწევა მოუწევს, თუმცა სამაგიეროდ დოლარში შემოსუული გრანტებისა და კრედიტებისგან მიღებული შემოსავალი ლარში შემცირდება. რაც შეეხება სხვადასხვა კერძო სექტორს, მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომელთაც სავალუტო რისკები ნაკლებად აქვთ დაზღვეული, ის პროცესი აწყობდათ, როცა ლარი გაუფასურებელი იყო, სამაგიეროდ დღევანდელი ტენდენცია მოსახლეობისთვისაა ხელსაყრელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პროცესში ყოველთვის არის ვიღაც დაზარალებული და ვიღაც მოგებული. წინასწარ გათვლების გაკეთება კი ყოველთვის ჭირს,”- აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

ქრისტინე გამთენაძე